პლანეტის ყველაზე პოპულარული იუთუბერი და არანაკლებ წარმატებული ანტრეპრენიორი, MrBeast-ის სახელით ცნობილი ჯიმი დონალდსონი საკუთარ ბიზნესიმპერიას აფართოებს. ამიერიდან, დონალდსონის ჰოლდინგში Beast Land-ის სახელით ცნობილი გასართობი პარკი შევა, რომელიც ნოემბერში საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიხსნება. Disneyland-ის მსგავსი პარკი, Riyadh Season-ის ფარგლებში მოეწყობა. პარკში იქნება, როგორც ატრაქციონები, ასევე MrBeast-ის ვიდეოებით შთაგონებული თამაშები, ბრენდირებული პროდუქციის გასაყიდი სტენდები და რამდენიმე რესტორანი. Beast Land-ის ბილეთების ფასი $7-დან $66-მდე განისაზღვრება.
როგორც ჯიმი დონალდსონი სოციალურ ქსელში წერს, საუდის არაბეთი სტრატეგიულად შეირჩა, რადგან მისი არხის მაყურებლების დიდი ნაწილი სწორედ ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კონტრაქტი, რომელიც იუთუბერმა საუდის არაბეთის სახელმწიფო წამოწყებასთან, Riyadh Season-თან გააფორმა, რადგან Beast Land-ის მოწყობა სწორედ ამ შეთანხმების ნაწილია. თავად Riyadh Season-ი კი, საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ-სალმანის იდეაა, რომელიც ქვეყნის დიადი მიზნის — ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების გეგმის ნაწილია.
ჯიმი დონალდსონი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შემოქმედია, რომელსაც YouTube-ზე 449 მილიონი გამომწერი ჰყავს და ჯამურად პლატფორმაზე არასრული 100 მილიარდი ნახვა დაუგროვდა. საკუთარი YouTube-არხის გახსნის შემდეგ, დონალდსონმა არაერთი ფილანტროპული ინიციატივა წამოიწყო, მათ შორის #TeamTrees, რომლის ფარგლებში 20 მილიონზე მეტი ხე დაირგა და #TeamSeas, რომლის ფარგლებში ზღვებიდან და მდინაარებიდან 15 მილიონ ტონამდე ნაგავი ამოიღეს. იუთუბის მიღმა, MrBeast-ის ბიზნესიმპერია აერთიანებს Feastables-ის სახელით ცნობილ შოკოლადის ბიზნესს და საბურგერეების ქსელ MrBeast Burger-ს. სხვადასხვა მონაცემებით, დონალდსონი $2.6 მილიარდის ქონებას ფლობს.