გასულ უქმეებზე, ჟენევაში, Phillips-ის აუქციონზე მორიგი რეკორდი დამყარდა. Patek Philippe-ის მექანიკური საათი $17.6 მილიონად გაიყიდა, რაც ვინტაჟური მაჯის საათების ისტორიაში რიგით მეორე უდიდესი ლოტია, თავად შვეიცარიული კომპანიისთვის კი — მორიგი რეკორდი. რეკორდსმენი საათი Patek Philippe 1943 წელს შექმნილი მოდელია Ref. 1518, რომლის გულს მარადიული კალენდარი ამშვენებს. საათი უჟანგავი ფოლადის კარკასში არის მოქცეული, რაც მას ძალიან იშვიათ ნივთად აქცევს — საათების ენთუზიასტებისთვის ამ კომპლექტაციის მქონე სულ ოთხი საათის შესახებაა ცნობილი.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ Patek Philippe Ref. 1518 ყველაზე ძვირად ღირებული Patek Philippe-ია, რომელიც კომერციულ აუქციონზე გაყიდულა, ანუ ამ ჩამონათვალში არ იგულისხმება Patek Philippe Grandmaster Chime Ref. 6300A-010, რომელიც 2021 წელს საქველმოქმედო აუქციონზე $31.19 მილიონად გაიყიდა. ქველმოქმედება, როგორც ცნობილია, კარგი საქმეა, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სარფიანი საგადასახადო შეღავათებიც ახლავს თან, ასე რომ ამ ტიპის აუქციონებზე, ფასები, როგორც წესი, უფრო მაღალია.