ტენდენცია, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია სრულად მოიცვა და შთანთქა, გერმანულმა Porsche-მ დაიწყო, კერძოდ, 2002 წელს, როდესაც ბაზარზე პირველი Cayenne ჩაუშვა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ თავისი ქარხნიდან არა ორკარიანი კუპე, არამედ ოთხკარიანი, დიდი ზომის SUV გამოუშვა, რომელსაც პრეტენზია არა მარტო სიჩქარეზე, არამედ კომფორტულობაზე, პრაქტიკულობაზე, უგზოობაში გადაადგილებასა და უნივერსალურობაზე ჰქონდა.

თავდაპირველად, Porsche-ს ეს ექსპერიმენტი ავტოჟურნალისტებმა კრიტიკულად მიიღეს და Cayenne-ს "ისტორიული შეცდომა" უწოდეს, თუმცა ბაზარმა ეს პროდუქტი რადიკალურად განსხვავებულად მიიღო. გამოშვების პირველივე დღიდან Cayenne-მა ფურორი მოახდინა და Porsche ფინანსური კრიზისიდან გამოიყვანა. დღეს კი ყველაზე მეტ ავტომობილს ეს ლეგენდარული კომპანია არა სპორტქარების, არამედ სწორედ SUV-ების კლასში ყიდის, Cayenne-ისა და მისი უმცროსი ძმის, Macan-ის დამსახურებით.

თავიდან იყო შიში იმასთან დაკავშირებითაც, რომ SUV-ების გამოშვებით ბრენდი გაუფასურდებოდა, თუმცა საპირისპირო მოცემულობა ვიხილეთ და სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ის მომხმარებელი, რომელიც პირველ ავტომობილად Macan-ს ან Cayenne-ს ყიდულობს, დიდი ალბათობით, მომავალში 911-ის შეძენით ინტერესდება, რადგან ის ბრენდით იხიბლება და Porsche-ს უნიკალური ფილოსოფიის მიმდევარი ხდება.

ცხადია, წარმატების ეს ფორმულა კონკურენტების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და SUV-ების გამოშვება სხვა სპორტული თუ მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიებმაც დაიწყეს, მათ შორისაა: Ferrari, Lamborghini, Aston Martin, Rolls-Royce, Bentley, Lotus და Maserati.

ეს სტრატეგია იმდენად ეფექტიანია და ექსკლუზიური ბრენდების მიერ გამოშვებულ SUV-ებზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ცდუნებას ვერც ბრიტანულმა McLaren-მა ვერ გაუძლო.

როგორც ცნობილია, McLaren-ის პირველი SUV ბაზარზე 2028 წელს გამოჩნდება და ის V8-ტიპის ჰიბრიდული ძრავით იქნება აღჭურვილი. სიმძლავრესთან დაკავშირებით ბევრი რამ არის ცნობილი, მაგრამ როგორც კომპანიაში აცხადებენ, McLaren-ის პირველი SUV კონკურენციას Cayenne Turbo GT-ს გაუწევს, რომელიც ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი საუკეთესო სუპერ-SUV-ია.

დიდი ალბათობით, McLaren-ის ქროსოვერზე მოთხოვნა მაღალი იქნება, რადგან კომპანიას შეუდარებელი სარბოლო ისტორია, Formula 1-ის 10-გზის ჩემპიონობა და ჰიპერქარების შთამბეჭდავი ნუსხა გამოარჩევს.