უელსის პატარა ქალაქ პენარტში მცხოვრები 11 წლის მაქსი ისტორიაში შევიდა. მაქსმა გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ვიდეოთამაში შექმნა. ყველაფერი მაისში მოხდა: რეკორდის დასაფიქსირებლად მაქსმა სულ რაღაც ოთხ საათში ააწყო ვიდეოთამაში, რომელიც ხუთი სრულფასოვანი ტურისგან შედგება. ექვსთვიანი ლოდინისა და მონაცემების გადამოწმების შემდეგ კი, Guiness World Records-ისგან ოფიციალური დასტური მიიღო.

„ეს საოცარი შეგრძნებაა“, — ამბობს ნორჩი პროგრამისტი, რომელსაც ვიდეოთამაშების შექმნა მომავალშიც სურს. “კოდის წერა იმიტომ მიყვარს, რომ რაზედაც უნდა იოცნებო, შეგიძლია პროგრამირების ენაზე გადაიტანო და რეალობად აქციო“. მაქსის მამის მონაყოლით, ბიჭი კოდის წერით ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში დაინტერესდა და მას შემდეგ არაერთი თამაში შექმნა. ამჯერად, მაქსმა ვიდეოთამაში Makerspace-ში ააწყო.

მაქსის წარმატებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამბის გავრცელების შემდეგ, ოჯახს უკვე დაუკავშირდნენ IT სფეროს წარმომადგენლები და დეველოპერები, რომლებმაც ნიჭიერ მოზარდს თანამშრომლობა შესთავაზეს.