Turbo /ˈtɜː.bəʊ/ ინგლისურად მცირე ზომის ტურბინას ნიშნავს, რომელიც ძრავის გამონაბოლქვ აირებს ატრიალებს და მაღალი წნევით ჩატუმბვის გზით აგრეგატის სიმძლავრეს ზრდის.
Turbo /ˈtɜː.bəʊ/ Porsche-ს ენაზე შემზარავად სწრაფს, დაუჯერებლად ჩქარს, მოულოდნელად პრაქტიკულს და უკიდურესად კომპეტენტურს ნიშნავს.
ავტომობილი, რომელიც ცუფენჰაუზენის ქარხანას Turbo-ს ემბლემით ტოვებს, თავის ფიზიკურ მასასთან ერთად, განუზომელ ტვირთს ეზიდება – იმ ტვირთს, რომელიც Porsche-ს ფლაგმანობას უკავშირდება. Turbo არა უბრალოდ კარგი, არამედ დაუჯერებელი უნდა იყოს, ეს კი თანამედროვე სამყაროში მარტივი ნამდვილად არ არის.
პირველი Turbo საზოგადოებამ ჯერ კიდევ 1974 წელს პარიზის საავტომობილო შოუზე იხილა, მაშინ ამ სახელს 930 ატარებდა – მანქანა, რომელიც ისტორიაში „დამქვრივებლის“ მეტსახელით შევიდა.
მას შემდეგ, Turbo-ს არაერთი ვარიანტი ვიხილეთ, ყოველი მათგანი წინამორბედზე გაცილებით სწრაფი, მოქნილი და შემზარავი იყო. 991.2-ის ეპოქაში ის შეკითხვაც კი დაისვა, ხომ არ მიაღწია 911-ის არქიტექტურამ სიმძლავრის ლიმიტს და ხომ არ უნდა დასრულებულიყო Turbo-ს მუდმივი გაძლიერების ტენდენცია?
ამ შეკითხვაზე პასუხი, რომელსაც კრიტიკოსები 1964 წლიდან მოყოლებული სვამენ, რა თქმა უნდა, იყო და არის – არა!
ცოტა ხნის წინ, Porsche-მ საზოგადოებას Turbo-ს ახალი ვარიანტი წარუდგინა, ის 992.2-ის ძარაზეა აგებული და ჰიბრიდულია. დიახ, ისტორიაში პირველად, Turbo-ს არსენალში ჰიბრიდულ სისტემას ვხედავთ, რომელსაც ერთადერთი მისია აკისრია: Turbo-ს უფრო მეტად აჩქარება – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. საქმე ის არის, რომ ახალ 911-ში წარმოდგენილი T-Hybrid ტექნოლოგია სათავეს სარბოლო ინდუსტრიიდან იღებს და ის უშუალოდ ტურბოდამბერს აძლიერებს.
მისი მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: ორივე ტურბოდამბერს ჩამონტაჟებული აქვს ინდივიდუალური ელექტრონული მოტორი, რომელიც მას მომენტალურად აჩქარებს, ანუ როცა ავტომობილი უძრავად დგას ან დაბალი სიჩქარიით გადაადგილდება, ჰიბრიდული სისტემა ტურბოს მყისიერად შევსების საშუალებას აძლევს. მას შემდეგ, რაც საქმეში 6-ცილინდრიანი ძრავა ერთვება, ელექტრონული სისტემა ტურბოდამბერების მიერ გენერირებულ ზედმეტ ენერგიას 1.9-კილოვატსაათიან ბატარეაში აბრუნებს, რაც სისტემის მუდმივ ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.
ამ სისტემით გერმანელმა ინჟინრებმა ე.წ. ტურბო ლაგი საიქიოში გაისტუმრეს და საავტომობილო ინდუსტრიაში ახალი ეპოქა დაიწყეს.
T-Hybrid სისტემის მაგიურობა აქ არ სრულდება, გადაცემათა კოლოფში კიდევ ერთი მოტორია ჩამონტაჟებული, რომელიც დამოუკიდებლად 80-მდე ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ისედაც უსწრაფეს PDK-ს უფრო უკეთეს აჩქარებას და გადართვის პროცესში უწყვეტ სიმძლავრეს აძლევს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ T-Hybrid-ის გამოჩენამ ძრავის დიზაინი გაამარტივა და ის ზომაში კიდევ უფრო კომპაქტური გახდა, რადგან ავტომობილში ელექტროენერგიის გენერაციას და მის შენახვას ახლა უკვე თავად 400-ვოლტიანი სისტემა უზრუნველყოფს. მისი წყალობით, დაკიდების კონტროლის ელექტრონული სისტემა (PDCC Sport) კიდევ უფრო სწრაფი გახდა და გაცილებით შთამბეჭდავად განიცდის კომფორტულობასა და სპორტულობას შორის მრავალჯერად მეტამორფოზას.
საერთო ჯამში, 3.6-ლიტრიანი ძრავა T-Hybrid-ის დახმარებით 701 ცხენის ძალას და 800 ნიუტონამდე გაწევას გამოიმუშავებს, რაც ახალ 911 Turbo S-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.4 წამში აჩქარებს, რაც ზუსტად ის მაჩვენებელია, რომელიც Bugatti Chiron-ს აქვს.
დიახ, ახალი Turbo ისე ჩქარდება, როგორც $3-მილიონიანი ჰიპერქარი. აი, ეს არის Turbo!
992.2 Turbo S ახლა უკვე არა სუპერქარების, არამედ ჰიპერქარების მმუსვრელია, ეს კი იმის ფონზე, რომ კომფორტულ რეჟიმში 4 მგზავრის გადაყვანა, ბარგის გადატანა და ნებისმიერ ამინდთან გამკლავება შეუძლია, განსხვავებით იმ სუპერქარებისგან, რომელთა ფლობა დისკომფორტთან, თავის ტკივილთან და მუდმივ ტექნიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
სანდოობა და გამძლეობა Porsche-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ მომხმარებლებისთვისაა, რომლებიც 911-ს სწორი დანიშნულებით იყენებენ და სარბოლო ტრასას ხშირად სტუმრობენ.
რბოლის ხსენებისას ისიც უნდა ვთქვათ, რომ ახალი Turbo S ნიურბურგრინგის „მწვანე ჯოჯოხეთს” 7 წუთსა და 4 წამში სძლევს, რაც 992.1-ზე 14 წამით ნაკლებია, ანუ Turbo S-ის ახალ და ძველ ვარიანტებს შორის სხვაობა კოლოსალურია. უფრო მეტიც, Porsche-ს ისტორიაში არცერთი შუალედური განახლება ასეთი მასშტაბური არ ყოფილა და 992.2 არა უბრალოდ „რესტაილინგად“, არამედ ახალ ეპოქად შეიძლება ჩავთვალოთ.
თავად 7 წუთი და 4 წამი კი იმას ნიშნავს, რომ ახალი Turbo S სარბოლო ტრასაზე უფრო სწრაფია, ვიდრე: McLaren 720S, Ferrari F8, Mercedes-AMG GT R Pro და Audi R8 V10.
ჰიბრიდული Turbo S-ის დიზაინს რაც შეეხება, მას ტრადიციულად დიდი შემშვებები, განახლებული მაშუქები, სპეციფიკური დეტალები, შედარებით აგრესიული ბამპერი, აქტიური სარქველები და ექსკლუზიური ფერები აქვს, თუმცა ამ მიმართულებით Porsche ტრადიციულობას არ ღალატობს და ავტომობილის სილუეტი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ისტორიაში პირველი 911-ის.
ავტომობილში შეხვდებით განახლებულ ინტერიერსაც, რაც თანამედროვე მულტიმედიას და ინსტრუმენტების ციფრულ პანელს მოიცავს და ნიშნავს, რომ 911 საბოლოოდ დაემშვიდობა მექანიკურ ტაქომეტრს – ტრაგედია, რომელსაც უნდა შევეგუოთ.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალი Turbo S ისეთივე პრაქტიკულია, როგორიც Carrera 4S. სხვა სუპერ და ჰიპერქარებისგან განსხვავებით, მისი გამოყენება ყოველ დღე, თითქმის ყველაფერში შეიძლება, რადგან მის დაკიდების სისტემას მარტივად შეუძლია სპორტულ სიხისტესა და კომფორტულ სირბილეს შორის ბალანსის შეცვლა, თანაც მუდმივი ამძრაობის სისტემა უამინდობასა თუ არაოპტიმალურ გზებზეც მაქსიმალურ მოჭიდებას გვაძლევს. ასევე მარტივად იცვლის ხასიათს ძრავა, რომელიც ნორმალურ რეჟიმში არც ზედმეტად ხმაურობს და არც ვიბრაციით აწუხებს გარშემო მყოფთ. თავისი შინაარსით, 911 Turbo S პიჯაკში გამოწყობილი ათლეტია, რომელიც მუდამ მზად არის ბიზნესგარიგების დასადებად ან სპორტულ შეჯიბრებაში ჩასართავად.
ბოლოს ისიც უნდა ვთქვათ, რომ საავტომობილო ინდუსტრიაში Porsche 911 Turbo S ერთგვარ ეტალონს წარმოადგენს, აბსოლუტურ პიკს, რომელთან მიახლოება ბევრს უცდია, თუმცა წარმატებით ცოტას თუ გამოსვლია. 911-ის რეცეპტი საკმაოდ მარტივია და ის ათწლეულების განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა, თუმცა ტრადიციულობასთან ერთად, გერმანულ ავტომწარმოებელს არასოდეს დაუკარგავს ინოვაციური სული, ხოლო 911 ყოველთვის იყო ტექნოლოგიური პროგრესის ფრონტის წინა ხაზზე.
Porsche 911 ევოლუციური თეორიის განსახიერებაა – ერთი თაობიდან მეორემდე სპორტული მოდელი შინაარსობრივად არ იცვლება, მაგრამ ყველა ასპექტში უმჯობესდება. ჯერ იყო წყლით გაგრილების სისტემა, შემდეგ გამოჩნდა ტურბო, ცოტა ხანში 911-მა ელექტრონული სისტემებიც შეიძინა და ბოლოს მივედით 992.2 სერიის ძარამდე, რომელმაც სპორტული ავტომობილის თამასა იმდენად მაღლა ასწია, რომ ახალი Turbo S ჰიპერქარების ჭეშმარიტ რისხვად იქცა. დღეს, Porsche 911 უკვე ისეთი ჩქარია, როგორიც Bugatti.