კიმ კარდაშიანის ტანსაცმლის და ქალის თეთრეულის მწარმოებელი კომპანია SKIMS-ის შეფასება $5 მილიარდამდე გაიზარდა. უახლესი საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში კარდაშიანის კომპანიამ $252 მილიონი მოიზიდა, რომელსაც ფიზიკური მაღაზიების ქსელის გაფართოებისთვის და საერთაშორისო ექსპანსიისთვის გამოიყენებს. დღეს, SKIMS-ის მაღაზიები აშშ-ის 18 ქალაქში და მექსიკაში ფუნქციონირებს, მაგრამ 2026 წელს კიმ კარდაშიანი ბრენდის ინტერნაციონალიზაციას გეგმავს, თანაც განსაკუთრებული აქცენტით ფიზიკურ მაღაზიებზე.
დაფუძნების შემდეგ, SKIMS-ის შემოსავალი მდგრადად იზრდება. თუ 2020 წელს, კომპანიამ $145 მილიონი გამოიმუშავა, გასულ წელს SKIMS-ის შემოსავალმა $1 მილიარდი შეადგინა. SKIMS-ის ფინანსურ წარმატებას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის მოთხოვნადი პროდუქტი, გამართული ბიზნესმოდელი, კიმ კარდაშიანის ფაქტორი და არაერთი წარმატებული კოლაბორაცია. მიმდინარე წელს, SKIMS-ის Nike-თან დაპარტნიორდა — ტანსაცმელი, რომელიც კომპანიებმა ერთად შექმნეს, რამდენიმე საათში ამოიყიდა. ამრიგად, სპორტული ტანსაცმელი სწორედ ის მიმართულებაა, რომელსაც კიმ კარდაშიანის კომპანია სამომავლოდ აირჩევს.
სპორტული ტანსაცმლის ბაზარზე რამდენიმე დომინანტს ვხვდებით, მათ შორისაა ტრადიციული სახელები — Nike და Adidas, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი მოთამაშეა Lululemon-ი, რომელსაც ბოლო ექვს თვეში საქმე ცუდად აქვს, რადგან კომპანიის აქციები 45%-ითაა გაიაფებული. მთავარი კონკურენტის არასახარბიელო ვითარების ფონზე, საფონდო ბირჟაზე განთავსების პროცესს, სავარაუდოდ, SKIMS-იც შეაჩერებს, რასაც $252-მილიონიანი საინვესტიციო რაუნდი ადასტურებს.