როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, Porsche-ს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ავტომობილი 2.7-ტონიანი SUV-ია, რომელიც ელექტროა და ვიზუალურად არაფრით ჰგავს გერმანული კომპანიის ფუნდამენტს, ანუ 911-ს.

ეს ახალი ავტომობილი Cayenne Electric-ია, რომელიც Porsche-ს ყველაზე მოთხოვნადი მოდელის ელექტრო ვერსიას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, მთავარი სიახლე ის არის, ელექტრო Cayenne უკიდურესად მძლავრია. კერძოდ, საბაზისო მოდელს 402 ცხენის ძალა აქვს, ხოლო Cayenne Turbo Electric-ის მაქსიმალური სიმძლავრე 1,140 ცხენის ძალას და 1,500 Nm-ს აღწევს, რაც მას ამ მაჩვენებლით არა სხვა SUV-ების, არამედ ჰიპერქარების კონკურენტად აქცევს.

Cayenne Turbo Electric-ის აჩქარებაც რთულად დასაჯერებელია – ეს ყველგანმავალი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.5 წამში ჩქარდება, რაც ზუსტად ის შედეგია, რომელიც ახალ 911 Tubo S-ს ან Bugatti Chiron-ს აქვს. მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ-ზეა შეზღუდული, თუმცა ესეც საკმარისზე მეტია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამ ავტომობილს მთელი ოჯახის გადაყვანა შეუძლია.

მაქსიმალური მანძილი, რომლის გავლა ამ სუპერ-SUV-ს ერთი დამუხტვით შეუძლია, 642 კილომეტრს შეადგენს, რაც WLTP-ის მიერ განსაზღვრული სტანდარტით არის შეფასებული.

დამუხტვას რაც შეეხება, Cayenne Electric-ის ყველა ვერსია 800-ვოლტიანი არქიტექტურით არის აღჭურვილი, რაც ბატარეის ულტრა-სწრაფ დამუხტვას უზრუნველყოფს. როგორც მწარმოებელი აცხადებს, ავტომობილს 10%-დან 80%-მდე შესავსებად სულ რაღაც 16 წუთი სჭირდება და 300 კილომეტრის სავალი მანძილის დასამატებლად სულ რაღაც 10 წუთია საჭირო. 

უნდა აღინიშნოს, რომ Cayenne Electric-ს ერთი გამორჩეული ფუნქციონალი აქვს – ეს უსადენო დამუხტვის შესაძლებლობაა, რომელსაც 11-კილოვატიანი სპეციალური, უსადენო დამტენის დახმარებით ვიღებთ. თუკი ავტომობილი ასეთი დამტენის ზევით გაჩერდება, ის უსადენოდ დაიმუხტება, ისევე, როგორც სმარტფონი.

ინოვაციურობა აქ არ სრულდება, რადგან Turbo Electric-ს აქტიური აეროდინამიკური ელემენტები აქვს, რომელთა დახმარებით იზრდება სტაბილურობა, მცირდება წინაღობა და იმატებს სავალი მანძილი.

აგრეთვე, სიახლეებს ვხედავთ ავტომობილის ინტერიერში, სადაც ყველგან ეკრანებია – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მძღოლს და მგზავრს დამოუკიდებელი ეკრანები აქვთ, ხოლო ავტომობილის ცენტრში მრუდე დისპლეის ვხედავთ, რომელიც ავტომობილის ძირითად ფუნქციონალს აკონტროლებს. ტექნოლოგიის მოყვარულთათვის ეს ინტერიერი სამოთხედ შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა Porsche-ს კონსერვატორი მომხმარებლებისათვის Cayenne Electric-ის შიდა სივრცე ზედმეტად გაციფრულებული და არატრადიციულია.

ამ შემთხვევაში, ჩინურ ავტომწარმოებლებთან პარალელების დამალვა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ის, რაც Cayenne Electric-ის ინტერიერში ხდება, გერმანული სტილის და არქიტექტურის ნაწილი ნამდვილად არ არის.

ასევე, არატრადიციულია ელექტრო Cayenne-ის ექსტერიერი, რომელსაც Porsche-ს სხვა მოდელებთან ვიზუალური საერთო ცოტა თუ აქვს. ავტომობილის დიზაინი მონოლითურ-კვადრატულ სტილშია გადაწყვეტილი და თუ მასზე გამოსახულ სიმბოლოებს დავფარავთ, რთულია ვიფიქროთ, რომ ეს Porsche-ს პროდუქტია. იდენტობის კრიზისი განსაკუთრებით შეინიშნება ავტომობილს უკანა ნაწილთან მიმართებით, რომელიც რამდენიმე აზიურ ავტომობილს ერთდროულად გვაგონებს.

მთავარი კრიტიკა, რომელიც ელექტრო Cayenne-ის მიმართ არსებობს, სწორედ მის დიზაინს უკავშირდება, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არავითარი საერთო არ აქვს 911-თან, რაც სარისკო ექსპერიმენტია.