იშვიათი ლურჯი ბრილიანტის კულონი, რომელიც „ლურჯი მელონის“ სახელითაა ცნობილი, ჟენევაში ჩატარებულ Christie’s აუქციონზე 25.6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

9.51-კარატიანი კულონი კოლექციონერ რეიჩელ ლამბერტ მელონის ეკუთვნოდა და მისი $25.6-მილიონიანი ფასი შეიძლება რეკორდულად მოგეჩვენოთ, თუმცა, რეალურად, ის 43%-ით არის გაუფასურებული!

საქმე ისაა, რომ ბრილიანტის ნაკეთობა აუქციონზე 2014 წელსაც გამოვიდა და მაშინ მისმა ფასმა 32.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს $44.7 მილიონის ეკვივალენტია. გამოდის, რომ ახლა კულონი იმაზე გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე ის 11 წლის წინ ღირდა.

ამ შემთხვევაში, ბრილიანტის გაუფასურება მიწოდების ზრდით არ არის განპირობებული, რადგან ბუნებრივი ლურჯი ბრილიანტის წილი ალმასის თვლების საერთო მოცულობაში 0.1%-ზე ნაკლებია. აქ ამოსავალი წერტილი ისაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ბრილიანტებზე მოთხოვნა შემცირებულია, რასაც კულტურული ცვლილება და ბაზარზე სინთეტიკური ალმასის გამოჩენა განაპირობებს, რომლის განსხვავება ქიმიურად და ვიზუალურად ბუნებრივისგან შეუძლებელია.