ევროპის შუაგულში მდებარე მთაგორიანი შვეიცარია სამი რამითაა ცნობილი, ესენია: ბანკები, ალპები და საათები. ჟამთაღწერის ინდუსტრია შვეიცარიისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე მოდის. გასულ წელს შვეიცარიულმა კომპანიებმა $29 მილიარდის საათები გაყიდეს, ანუ საათები შვეიცარიისთვის რიგით მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საქონელია, ხოლო თავად ინდუსტრია 50,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

პანდემიის დროს შემოღებული ლოკდაუნების გამო მსოფლიოში ფაქტობრივად ყველაფრის წარმოება შეჩერდა, ხოლო მიწოდების ჯაჭვები ჩამოიშალა, რამაც სხვადასხვა ბაზრებზე მიწოდება შეამცირა, ხოლო ძვირად ღირებული ჩანთები, საათები და სამკაული, ანუ ის საქონელი, რომელიც ისედაც ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის, კიდევ უფრო ლიმიტირებული და, შესაბამისად, მოთხოვნადი გახდა და მკვეთრად გაძვირდა.

პანდემიის დროს გაზრდილი ფასები, დროთა განმავლობაში, დასტაბილურდა, ხოლო წამყვანმა ინდექსებმა საშუალოდ 25%-იანი კლება დააფიქსირეს, ანუ ბაზარი კორექციის ეტაპს გადის. მიუხედავად ამისა, კონკრეტული საათების ფასებმა მკვეთრად იმატა და დღესაც ამ ნიშნულს ინარჩუნებს. მაშ, რომელი შვეიცარიული საათები გაძვირდა ყველაზე მეტად გასულ ხუთ წელიწადში? — ამ კითხვას მსოფლიოს უდიდესი ონლაინმაღაზიის, Chrono24-ის ინდექსის, ChronoPulse-ის მიხედვით ვუპასუხებთ.

#1 — Cartier Santos (Ref. 2960) | +105.1%

ბოლო ხუთ წელიწადში ყველაზე გაძვირებული მაჯის საათის სიმბოლური ტიტული მაღალი მოდის ფრანგული გიგანტის საათმა — Cartier Santos-მა მიიღო. ლუი კარტიემ ეს საათი მისი მეგობარი მფრინავისთვის, ბრაზილიელი ალბერტო სანტოს-დუმოსთვის შექმნა, რათა შუა ფრენისას დრო ისე გაეგო, ჯიბიდან საათის ამოღება რომ არ დასჭირვებოდა. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, საათი, რომელიც მფრინავმა გაიკეთა, მამაკაცის მაჯისთვის შექმნილი პირველი საათი გახდა. დღეს Cartier Santos-ი მაღალი მოდის, სტილისა და სიმდიდრის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება, რომლის დიზაინი ნებისმიერ დროში მოდურად ითვლება. ოფიციალურ ვებგვერდზე Cartier Santos-ის ფასი $4,800-დან $253,000-მდე მერყეობს, ხოლო Chrono24-ზე მისი შეძენა უფრო იაფადაც შეიძლება.

#2 — Cartier Santos Carree (Ref. 2961) | +78.9%

ამ რეიტინგში ასევე მოხვდა Cartier Santos Carree. სიტყვა “carree” ფრანგულად ოთხკუთხედს ნიშნავს და პირველი განსხვავება, რომელსაც ტრადიციულ Santos-ს და ამ მოდელს შორის ვხვდებით, სწორედ ფორმაა. ახალი მოდელი, რომელიც 1980-იანი წლებიდან გამოდის, უფრო სპორტული, მტკიცე და, შეიძლება ითქვას, უხეშია. ამასთან, ის უჟანგავ ფოლადში და ოქროში არის გადაწყვეტილი, რაც ამ საათს Cartier Santos-ის უფრო ნიშურ ალტერნატივად აქცევს. ამ ყველაფრის გამო, Cartier Santos Carree კოლექციონერების ერთ-ერთ საყვარელ საათად იქცა, რომლის ფასმა, ბოლო ხუთ წელიწადში, თითქმის 80%-ით იმატა. დღეს, Chrono24-ზე ამ საათის ფასი $4,500-ის ფარგლებში მერყეობს.

#3 — Patek Philippe Aquanaut (Ref. 5167A-001) | +68.4%

ბოლო წლებში ყველაზე გაძვირებული საათების ჩამონათვალში მესაათეების წმინდა სამეულში შემავალი Patek Philippe-იც მოხვდა. მყვინთავებისთვის შექმნილი Aquanaut-ი, რომელიც ბოლო წლებში არასრული 70%-ითაა გაძვირებული, ბაზარზე პირველად 1997 წელს გამოჩნდა, რადგან Nautilus-ით სახელგანთქმულ შვეიცარიულ კომპანიას ახალგაზრდა მომხმარებლების გულის მოგება სურდა. შედეგად, მივიღეთ Aquanaut-ი — ნაკლებად არისტოკრატული და მეტად სპორტული, მაგრამ მაინც შვეიცარიული ოსტატობით შთაგონებული მექანიკური საათი, რომელიც ლეგენდარული ჯერალდ ჯენტას ხელწერას იმეორებდა. დღეს, Chrono24-ზე ამ საათის ფასი $70,000-ის ფარგლებში მერყეობს.

#4 — Audemars Piguet Royal Oak (Ref. 14790ST) | +67.9%

ყველაზე მკვეთრად გაძვირებული საათების რეიტინგის შედგენა ისე არ გამოვიდოდა, ჩამონათვალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მესაათე, Audemars Piguet რომ არ მოხვედრილიყო. AP-ის საათებს შორის Royal Oak-ი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რაც დიდწილად მისი დიზაინერის, ლეგენდარული ჯერალდ ჯენტას ხელწერითაა განპირობებული. ეს საათი, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში თითქმის 70%-ითაა გაძვირებული, აგრესიული, მაგრამ დახვეწილი ოქტაგონური დიზაინით და ნაირგვარი ციფერბლატებით გამოირჩევა. კონკრეტულად ეს მოდელი, რომელიც ავტომატური მექანიზმით არის აღჭურვილი, ტრადიციულ Royal Oak-ზე უფრო პატარაა, ანუ ყოველდღიურად უფრო გამოსადეგია. დღეს, Chrono24-ზე ასეთი Royal Oak-ის ფასი $30,000-ის ფარგლებში მერყეობს.

#5 — Cartier Tank Louis (Ref. W1529856) | +57.2%

გაძვირებულ საათებს შორის უდავოდ Cartier ლიდერობს, რადგან ხუთიდან სამი პოზიცია, სწორედ ამ ფრანგულ-შვეიცარიულ ბრენდს ეკუთვნის. ყველაზე გაძვირებული საათების რეიტინგის მეხუთე ადგილი Cartier Tank Louis-მა დაიკავა, რომლის ფასი ბოლო ხუთ წელიწადში 57%-ითაა მომატებული. Cartier-ს ეს მოდელი ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ მაჯის საათად ითვლება, რომელიც შვეიცარიაში ოდესმე შეუქმნიათ. ის ოქროში გადაწყვეტილი ოთხკუთხედი კარკასით, ხელით მომართული მექანიკური მექანიზმით და მინიმალისტური, მაგრამ მედიდური დიზაინით გამოირჩევა და იმ კოლექციონერებს იზიდავს, რომელთაც მაჯის ხელოვნების ნიმუშები აინტერესებთ. Cartier Tank Louis ძალიან თხელი საათია, რომელიც იდეალურად ერგება მამაკაცის ფორმალურ სამოსს. დღეს, Chrono24-ზე ასეთი Royal Oak-ის ფასი $9,000-ის ფარგლებში მერყეობს.