ხუთი ოქროს ბურთის მფლობელი პორტუგალიელი შემტევი, კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია კაცობრიობის ისტორიაში. უამრავი გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდოს მოგების გარდა, რონალდუ ასევე იმარჯვებს პირად ცხოვრებაში და ბიზნესში. პორტუგალიელის ბიზნესიმპერია მისი პირადი ბრენდის, CR7-ის გარშემო არის შექმნილი და სპორტული ტანსაცმლის, პარფიუმერიის, ველნესის, ფიტნესის და სტუმარმასპინძლობას სექტორებს მოიცავს.
ამავდროულად, რონალდუ ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას ფლობს და ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Nike, Binance, Jacob & Co და Louis Vuitton. თან, რაც ყველაზე საინტერესოა, რონალდუ ყველაზე ცნობილი ადამიანია პლანეტაზე, რომელსაც Facebook-ში, Instagram-ზე და YouTube-ზე 915 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამ ყველაფრის დამსახურებით, კრიშტიანუ რონალდუ მილირდერიცაა.
საფეხბურთო მოედანზე და მის მიღმა დაფიქსირებული წარმატების გარდა, რონალდუ უაღრესად გემოვნებიანი ადამიანიცაა, რასაც მისი მექანიკური მაჯის საათების კოლექცია ადასტურებს. კონკრეტულად რამდენ საათს ფლობს პორტუგალიელი მხოლოდ თავად იცის, მაგრამ რონალდუს კოლექციის საუცხოობაში და ძვირფასეულობაში ეჭვი არავის ეპარება. სხვადასხვა მონაცემებით, რონალდუს საათების კოლექცია $10 მილიონზე მეტადაა შეფასებული და ეს რიცხვი არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ჩამონათვალში ბევრ ულტრალიმიტირებულ საათსაც ვხვდებით. სტრადალეს ამ ნომერში პორტუგალიელი ფეხბურთელის რამდენიმე გამორჩეულ მაჯის საათზე მოგიყვებით.
Franck Muller Cintree Tourbillon White Gold Piece Unique
ეს უნიკალური მაჯის საათი, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობს, კრიშტიანუ რონალდუს 2024-2025 წლების “ჩემპიონთა ლიგის” კენჭისყრაზე ეკეთა. Frank Muller-ის ეს შედევრი 18-კარატიან თეთრ ოქროში არის გადაწყვეტილი, ხოლო ციფერბლატი და სამაჯური ბაგეტის ფორმის სუფთა ბრილიანტებითაა შემკული. საათში ასევე ვხვდებით ტურბილონს, რაც ერთ-ერთი ყველაზე პრემიული და ძვირად ღირებული კომპლიკაციაა. აღნიშნული საათის სავარაუდო ღირებულება $1,500,000-ია, მაგრამ თუკი რონალდუ მას ოდესმე გაყიდის, აუქციონზე მისი ფასი გარდაუვლად გაიზრდება.

Rolex GMT-Master II Yellow Gold with Diamonds, Rubies & Sapphires
Rolex-ის ლეგენდარული GMT-Master II, რომელიც რონალდუს პორტუგალიელ გულშემატკივართან შეხვედრაზე ეკეთა, გასაოცრად ძვირად ღირებული არ არის, მაგრამ ის ნამდვილად უნიკალურია. საათი 18-კარატიან ოქროში არის გადაწყვეტილი, ხოლო ღარაკში ბრილიანტებს და ლალის და საფირონის ქვებს ვხედავთ. მცირე ზომის ბრილიანტებს ასევე ვხვდებით საათის კარკასში და გვირგვინზე. მეორად ბაზარზე Rolex-ის საათის ყიდვა რთული არ არის, რადგან ის პლანეტის ყველაზე ცნობილი მესაათეა, მაგრამ საათი, რომელიც ძვირფას ქვებში ქარხნულადაა გამოწყობილი — დიდი იშვიათობაა. თუკი მეორად ბაზარზე ამ საათს შეხვდებით, ის სულ მცირე $120,000 დაგიჯდებათ.
Jacob & Co. Caviar Tourbillon Tsarvorites White Gold Piece Unique
კრიშტიანუ რონალდუს საათების კოლექციაში არაერთი ისეთი საათია, რომელიც უშუალოდ მისთვისაა შექმნილი. Franck Muller-ის გარდა, ლეგენდარული სპორტსმენისთვის საათებს ასევე ქმნის ჯეიკობ არაბო, რომელიც რონალდუს დიდი ხნის მეგობარი და საქმიანი პარტნიორია. ბაგეტის ფორმის 710 ცავორიტით შემკული ეს მაჯის საათი 18-კარატიან თეთრ ოქროში არის გადაწყვეტილი, ხოლო შიგნით მფეთქავი გული, იგივე ტურბილონი აქვს. ეს მაჯის საათი, რომლის სავარაუდო ღირებულება $960,000-ია, რონალდუს მაშინ ეკეთა, როცა საუდის არაბეთში Al-Nassr-თან €200-მილიონიანი კონტრაქტის გასაფორმებლად გაემგზავრა.

Breguet Classique “Grande Complications” Twin Tourbillon Platinum with Diamonds
ბაგეტის ფორმის ბრილიანტებს ასევე ვხვდებით რონალდუს კიდევ ერთ მაჯის საათში — შვეიცარიული Breguet-ს მიერ შესრულებულ Classique Grande Complications-ში, რომელიც ბევრ სხვა ღირსებასთან ერთად, ორი ურთიერთდაკავშირებული ტურბილონით გამოირჩევა, რაც ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი კომპლიკაციაა, რომელსაც საათში შეხვდებით. თან, ტურბილონი თავად ლუი ბრეგემ შექმნა, რაც ამ საათს, გარკვეულწილად, შეუფასებელს ხდის. რონალდუს ეს საათი, რომელიც ფეხბურთელს საკუთარი პარფიუმერიული ხაზის პრეზენტაციაზე ეკეთა, პლატინაში არის გადაწყვეტილი და მისი საორიენტაციო ღირებულება $850,000-ია.

Bulgari Octo L’Originale Tourbillon White Gold with Baguette-cut Diamonds
იტალიური Buglari, რომელიც მაღალი მოდის ერთ-ერთ კორიფედ მიიჩნევა, შვეიცარიაში მშვენიერ ძვირად ღირებულ საათებს აწარმოებს და რონალდუს კოლექციაში არსებული ეს Octo L’Originale — იდეალური მაგალითია. მექანიკური საათი, რომელიც რონალდუს მაჯას დუბაიში გამართულ ერთ-ერთ სპორტულ ღონისძიებაზე ამშვენებდა, ბაგეტის ფორმის ბრილიანტებითაა შემკული, თეთრ ოქროში არის გადაწყვეტილი და ტურბილონიც აქვს. Octo რომაული არქიტექტურითაა შთაგონებული და ოქტაგონის გეომეტრიას იმეორებს, რაც ერთგვარი ალეგორიაა სპორტთან და, შესაბამისად, რონალდუსთან. აღნიშნული საათის სავარაუდო ღირებულება $1,000,000-ია.

