იმ დროს, როცა ტრადიციული ავტომწარმოებლები ჩინეთიდან მომავალ საფრთხეს ელექტრიფიკაციით და გაციფრულებით პასუხობენ, გერმანულმა Porsche-მ წარმოადგინა ის, რაც მხოლოდ მას შეუძლია. Porsche-მ ახალი თაობის შიდა წვის ძრავის არქიტექტურა შექმნა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური, შეიძლება ითქვას თავხედური ნაბიჯია, რომელიც გერმანელ ინჟინრებს გადაუდგამთ. ახალი ძრავა 18-ცილინდრიანია და ჭეშმარიტი W-ის ფორმისაა, ანუ სამი დამოუკიდებელი ცილინდრული რიგისგან შედგება, რომლებიც ერთი მუხლა ლილვის გარშემო 60-გრადუსიან კუთხეს ქმნიან. თითოეული ცილინდრული რიგი ტურბოდამბერითაა აღჭურვილი, ანუ მაქსიმალურ კომპლექტაციაში ეს ძრავა ე.წ. Triturbo W18 იქნება.
რა ხდება კონკურენტებთან?
საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ W18-ის ტიპის ძრავები ძალიან დიდი იშვიათობაა, რომელსაც კონცეპტუალურ ავტომობილებში და საჰაერო ხომალდებში უფრო ვხვდებით, ვიდრე სერიული წარმოების ავტომობილებში. ჭეშმარიტი W18-ის ტიპის ძრავა პირველად Bugatti EB 118-ში გამოჩნდა, რომლის დახმარებით ის 555 ცხენის ძალას და 650 ნიუტონმეტრის გაწევას გამოიმუშავებდა — თუმცა ეს ავტომობილი გზებზე არასდროს გვინახავს. W-ის ტიპის არქიტექტურას ასევე ვხვდებით Bentley Continental GT-ში და Bugatti Chiron-ში, მაგრამ ეს ძრავები ორმაგი V-ის ფორმისაა და არა სუფთად W-ის, ანუ იდეურად ისინი მსგავსი, მაგრამ მექანიკურად და თერმოდინამიკურად — სულ სხვა ქმნილებებია.
რა იცვლება ბაზარზე?
W18-ის ტიპის ძრავის დაპატენტებით, Porsche-მ ხმამაღლა განაცხადა, რომ კონკურენტებზე რამდენიმე საფეხურით მაღლა დგას. საქმე ისაა, რომ ბოლო დროს, ავტომწარმოებლები ელექტრიფიცირებული პლატფორმებით იწონებენ თავს, ხოლო Porsche-მ შიდა წვის ძრავის არქიტექტურის უმძლავრესი ვერსიის შექმნა გადაწყვიტა. თან, ყველაფერი ეს იმ დროს, როცა უახლესი Porsche 911 Turbo S — ექსპერტების შეფასებით, უალტერნატივო სპორტული ჰიბრიდია. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ Porsche-მ W18-ის ტიპის ძრავა არ გამოუშვა და ის კონცეპტუალური ნახაზის ან პატენტის დონეზე დატოვა, ბაზარზე არსებული დინამიკა ერთხელ და სამუდამოდ შეირყა.
რად უნდა Porsche-ს W18?
არსებობს ვარაუდი, რომ ძრავის ახალი არქიტექტურა Porsche-მ დააპატენტა არა კვლევისა და განვითარების მიზნით, რასაც ავტოკონცერნებისგან შეჩვეულნი ვართ, არამედ კომერციალიზაციის მიზნით. საქმე ისაა, რომ Porsche-ს უახლესი ჰიპერქარის გამოჩენიდან ათი წელიწადი გავიდა, ანუ ბაზარი ახალ შედევრს ელოდება. ამ დრომდე, გერმანულმა Porsche-მ სამი ჰიპერქარი გამოუშვა, ესენია:
Porsche 959 (1986–1988)
- ძრავა: 2.85L Twin-Turbo Flat-Six
- სიმძლავრე: 450 ცხენის ძალა
- ამძრავი სისტემა: AWD
- მაქსიმალური სიჩქარე: 317 კმ/სთ
- წარმოება: 337 ერთეული

Porsche Carrera GT (2003–2006)
- ძრავა: 5.7L ატმოსფერული V10
- სიმძლავრე: 612 ცხენის ძალა
- ამძრავი სისტემა: RWD
- მაქსიმალური სიჩქარე: 330 კმ/სთ
- წარმოება: 1,270 ერთეული

Porsche 918 Spyder (2013–2015)
- ძრავა: 4.6L V8 და ორი ელექტრომოტორი
- სიმძლავრე: 887 ცხენის ძალა
- ამძრავი სისტემა: AWD
- მაქსიმალური სიჩქარე: 345 კმ/სთ
- წარმოება: 918 ერთეული

ყველა ეს ავტომობილი, თავის დროზე, რევოლუციური იყო და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი საავტომობილო ისტორიაში. Porsche 959 პირველი ავტომობილი იყო, სადაც მწკრივად განლაგებული ტურბოდამბერები, AWD და მოქნილი დაკიდების სისტემა ერთად გამოჩნდა. Porsche Carrera GT-ში ნახშირბადის ბოჭკოს შასი და კერამიკული გადაბმულობა მივიღეთ, რამაც ავტომობილი მართვის გამოცდილების ახალი მწვერვალი შექმნა. Porsche 918 Spyder-ი კი პირველი ჰიპერქარი იყო, რომელშიც პლაგ-ინ ჰიბრიდი გამოიცადა, მაბრუნებელი მომენტის ვექტორინგი შემოწმდა და რეგენერაციული მუხრუჭი გამოჩნდა, რომლის დანიშნულება მეტი და მეტი სიმძლავრე იყო და არა — საწვავის დაზოგვა!
თითოეული ეს ავტომობილი, ისევე, როგორც თითოეული ჰიპერქარი — უნიკალურია. თუ ბაზარზე არსებულ დინამიკას გადავხედავთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი ულტრამძლავრი ძრავა Porsche-ს ახალ ჰიპერქარში გამოჩნდება. 2023 წელს Porsche-მ Mission X-ის სახელით ცნობილი ელექტრომობილი წარმოადგინა, რომლის წარმოება, წესით და რიგით, 2027-ში უნდა დაიწყოს, მაგრამ მას შემდეგ, EV-ების მიმართ სენტიმენტი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ხოლო ბაზარზე არაერთი განსაკუთრებული ავტომობილი გამოჩნდა, მათ შორის V18-ით აღჭურვილი Bugatti Tourbillon და Porsche-ს პირდაპირი კონკურენტების მიერ შექმნილი Ferrari F80 და McLaren W1.
ვინ იცის, იქნებ Porsche-მ ელექტრიფიკაცია გვერდზე გადადოს და ახალ ჰიპერქარში სწორედ ჭეშმარიტი W-ის ფორმის 18-ცილინდრიანი ძრავა ჩადგას?
ლირიკული გადახვევა
ულტრამძრავრი ძრავები გერმანულ გიგანტს ამ დრომდეც შეუქმნია, მათ შორის გამოსარჩევია მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანული ტანკებისთვის შექმნილი X-ის ტიპის 16-ცილინდრიანი დიზელის ძრავა, რომელიც 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. კონკრეტულად რამდენი ასეთი ძრავა გამოიყენეს გერმანელებმა ომის დროს, უცნობია, მაგრამ ფაქტი ნათელია — იმ დროსაც კი, Porsche ჭეშმარიტი ნოვატორი იყო. X-ის ფორმის ძრავა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური მექანიკური აგებულებაა, რომელიც ფურცელზე ოდესმე გვინახავს, მაგრამ რეალობაში ის არასდროს გამოჩენილა, რადგან ნაცისტური გერმანია მსოფლიო ომში დამარცხდა.