სტრიმინგის ინდუსტრიის ჰეგემონმა კიდევ ერთ კომპანიას ჩაავლო საცეცები. ამჯერად, NETFLIX-ის გავლენა ამერიკული კინემატოგრაფიის ცოცხალ მატიანედ წოდებულ Warner Bros-ამდე მივიდა, რომელიც ტექნოლოგიურმა კომპანიამ $82.7 მილიარდად შეიძინა. გარიგების თანახმად, Warner Bros-ის საკაბელო არხები, მათ შორის CNN, TNT და Discovery ცალკე კომპანიად ჩამოყალიბდება, ხოლო Netflix-ის მფლობელობაში გადავა ჰოლივუდის 100-წლიანი ისტორიის მქონე სტუდია და მისი ოქროს ბიბლიოთეკა.
ამ შესყიდვით NETFLIX-მა ხელში ჩაიგდო პლანეტის ყველაზე მოგებიანი და საკულტო ფრენჩაიზები. სიის სათავეშია Harry Potter-ის ჯადოსნური სამყარო, რომლის ჯამური ღირებულება, ანუ წიგნები, ფილმები, პარკები და პროდუქტები $32 მილიარდს აღემატება. NETFLIX-მა ასევე მიიღო სრული კონტროლი ბეტმენის, სუპერმენის და სხვა სუპერგმირების მშობლიური DC Universe-ზე, რომლის ფილმების სალარო შემოსავალი 7 მილიარდ დოლარზე მეტია, ხოლო ლიცენზირებული პროდუქციის გაყიდვები წლიურად მილიარდებს ითვლის. NETFLIX-ის აქტივებს ასევე შეემატა Game of Thrones-ის ფრენჩაიზი, რომელიც HBO-ს ყველაზე ძვირად ღირებული სატელევიზიო პროდუქტია. ჩამონათვალში სხვა სერიალებსაც ვხვდებით, მათ შორისაა ლეგენდარული Friends-ი და The Big Bang Theory.
მაშ, რატომ გადადგა NETFLIX-მა ეს ნაბიჯი? მთავარი მიზანი სამარადჟამო ინტელექტუალური საკუთრების მოპოვებაა. მხოლოდ ორიგინალური კონტენტის წარმოება (როგორიცაა Stranger Things ან Squid Game) სარისკო და ძვირია, რადგან ყოველი ახალი სეზონი გარანტირებულ წარმატებას არ ნიშნავს. Warner Bros-ის კატალოგის შეძენით კი NETFLIX-მა მუდმივი შემოსავლის წყარო მიიღო. გარდა ამისა, ცხადია, NETFLIX-ის გუნდს აღარც სალიცენზიო თანხების გადახდა მოუწევს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გარიგებით ბაზარი კონსოლიდაციისკენ დაიძრა, მაგრამ ისტორიულ გაერთიანებას წინ უდიდესი პოლიტიკური ბარიერი ეღობება. აშშ-ის პრეზიდენტმა გარიგებას უკვე უწოდა "პრობლემა" და ღიად განაცხადა, რომ პირადად იქნება ჩართული მისი დამტკიცების პროცესში, რაც მიანიშნებს, რომ თეთრი სახლი მონოპოლიის საფრთხეს ხედავს და მედიაგიგანტების შერწყმის მიმართ კითხვები აქვს. ტრამპის ეს განცხადება რადიკალურად ცვლის გარიგების პერსპექტივას, ხოლო გარიგება, შესაძლოა, გახანგრძლივდეს.