Jaguar Land Rover (JLR) Group-მა თანამდებობიდან გაათავისუფლა გერი მაკგოვერნი, რომელიც ავტომწარმოებელი კონგლომერატის მთავარი კრეატიული ოფიცერი და წამყვანი დიზაინერი იყო.

მაკგოვერნს ბრიტანულ ბრენდში 20 წელიწადზე მეტი აქვს გატარებული და JLR-ის კრეატიულ მიმართულებას ის 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა, რაც ზუსტად ემთხვევა Jaguar-ის დაღმასვლის პერიოდს.

მართალია, წლების განმავლობაში მაკგოვერნს არაერთი გამორჩეული ავტომობილი შეუქმნია, მათ შორის: თითქმის ყველა თანამედროვე Land Rover-ი და არაერთი Jaguar-ი, თუმცა ერთმა შეცდომამ, როგორც ჩანს, მისი კარიერა და რეპუტაცია შეიწირა.

ეს შეცდომა Jaguar-ის რებრენდინგი და მის შედეგად შექმნილი კონცეპტუალური ავტომობილია – Type 00, რომელიც გლობალურ სენსაციად და წლის ყველაზე მწვავედ გაკრიტიკებულ ავტომობილად იქცა. ამ ულტრა-მდიდრულ ელექტრომობილს Jaguar-ის ცხოვრებაში ახალი ეპოქა უნდა დაეწყო, თუმცა ერთადერთი რაც მან რეალურად შეძლო, ეს 90-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის გაპარტახება იყო.

Type 00 იმდენად წარუმატებელი და საზოგადოების მიერ ნეგატიურად მიღებული პროექტი აღმოჩნდა, რომ JLR-მა მაკგოვერნის ფასდაუდებელი ღვაწლი დაივიწყა და ბრიტანელი დიზაინერი სამსახურიდან გაუშვა.