საავტომობილო ინჟინერიის ერთ-ერთ მწვერვალად მიჩნეული ბრიტანული ავტმომწარმოებელი კომპანია Rolls-Royce-ი სპეციალური შეკვეთით შესრულებული ავტომობილების წარმოებას აფართოებს, რისთვისაც $370-მილიონიან ინვესტიციას გამოყოფს.
ბრიტანული ავტომწარმოებელი ასწლოვან ტრადიციებს არ ღალატობს და ავტომობილებს დღესაც გაერთიანებულ სამეფოში, კუნძულის სამხრეთში მდებარე გუდვუდის ქარხანაში აწყობს. სათავო ოფისის გაფართოების შემდეგ, Rolls-Royce-ი Bespoke-ის და Coachbuild-ის მიმართულებებს განავითარებს, რაც კომპანიას უფრო მეტი ძალიან მდიდარი კლიენტის მომსახურების საშუალებას მისცემს.
ბრიტანული Rolls-Royce-ი, რომელიც ავტომობილების გამყიდველმა ჩარლზ სტიუარტ როლსმა და ავტოინჟინერმა ფრედერიკ ჰენრი როისმა 1906 წელს, მანჩესტერში დააფუძნეს, დღეს, გერმანული BMW Group-ის შემადგენლობაში შედის. ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა, რომელიც ავტომობილებს ექსკლუზიურად ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის ქმნის, ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი მიიღო, რაც ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას უკავშირდება.
გასულ წელს Rolls-Royce-მა 5,712 ავტომობილი გაყიდა, რაც 5%-ით, ანუ 320 ავტომობილით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე, რასაც კომპანიის მენეჯმენტი ახალ მოდელებზე გადასვლას უკავშირებს. გასულ წელს, Rolls-Royce-მა არაერთი ახალი ავტომობილი წარმოადგინა, მათ შორის სრულად ელექტრო Spectre-ი, SUV-ის ტიპის განახლებული Cullinan-ი, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის. როგორც Rolls-Royce-ში ამბობენ, გაყიდული ავტომობილების ჯამური რაოდენობის კლების მიუხედავად, მკვეთრადაა გაზრდილი Bespoke-ის და Coachbuild-ის მიმართულების შემოსავალი, ანუ მომხმარებელი ექსლუზიურად მისთვის შექმნილ ავტომობილებს ითხოვს. ამ პროგრამებს შორის რამდენიმე დიდ განსხვავებას ვხვდებით.
Rolls-Royce-ის Bespoke-ის პროგრამის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია Rolls-Royce-ის არსებული მოდელი აირჩიოს და ის უნიკალური ელემენტებით აღჭურვოს. მომხმარებელს, პირობითად, შეუძლია Rolls-Royce Phantom-ი შეიძინოს და საკუთარი ავტომობილისთვის შეარჩიოს, როგორც საღებავის ფერი, ასევე ინტერიერში გამოყენებული მასალები და დაიტანოს სასურველ ადგილზე მონოგრამები და ორნამენტები. Bespoke-ის პროგრამის მომხმარებელს შეუძლია კონკრეტული ფერის Phantom-ი შეუკვეთოს, რომლის ჭერი კონკრეტულ დღეს ცაზე არსებული ვარსკვლავებით იქნება მოჭედილი.
თუ Bespoke-ის პროგრამის არსი არსებული ავტომობილის სრული პერსონალიზაციაა, Coachbuild-ის პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს სრულად უნიკალური ავტომობილის შექმნა შეუძლია, რაც Rolls-Royce-ის და ზოგადად საავტომობილო ინდუსტრიის არსენალში ყველაზე პრემიულ მომსახურებად მიიჩნევა. ადამიანი, რომელსაც Rolls-Royce-ის მენეჯმენტი Coachbuild-ის პროგრამაში მონაწილეობის ღირსად ჩათვლის, იღებს უფლებას შექმნას ავტომობილი, რომელიც მის კონკრეტულ ხედვას მიესადაგება. ეს ავტომობილი, შესაძლოა, Rolls-Royce-ის არსებულ მოდელს ჰგავდეს ან სრულად ახალი ავტომობილი იყოს, რომლის შექმნას მხარეები ერთობლივი ესკიზის დახატვით დაიწყებენ. ასეთი Rolls-Royce-ების ჩამონათვალში Sweptail-ი და Boat Tail-ი ხვდებიან, რომელთა შედარება უფრო ლოგიკურია არა ავტომობილებთან, არამედ — იახტებთან.
აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ თავად Rolls-Royce-ზე, რომელიც, მართალია, ავტომობილების წარმოებით არის ცნობილი, მაგრამ რეალურად გაცილებით ბევრ ბიზნესს არის მოდებული და ავიაციის, უსაფრთხოების და ენერგეტიკის სექტორებში ოპერირებს. კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით ვითარდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის დალისტული, სადაც Rolls-Royce-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $61.3 მილიარდს შეადგენს. 2022 წლის ოქტომბერში, აქციონერები კომპანიას $7 მილიარდად აფასებდნენ, რაც 775%-იანი ზრდაა. ეს ზრდა, Rolls-Royce-ის რამდენიმე მნიშვნელოვან პროდუქტს, მათ შორის თვითმფრინავების ძრავებს და ბირთვულ რეაქტორებს უკავშირდება, რომელთაც ბრიტანული კომპანია წამყვან მოთამაშეებს აწვდის.










