ამერიკელთა უდიდესი ნაწილისთვის უძრავი ქონება რომ ხელმისაწვდომი არ არის, ეს სიახლეს არავისთვის არ წარმოადგენს. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის მასშტაბით საბანკო რეგულაციების შეცვლა და 50-წლიანი იპოთეკური სესხის შემოღება სურს.
ამჟამინდელი კანონმდებლობით, იპოთეკური სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წელიწადს შეადგენს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საკრედიტო პროდუქტს წარმოადგენს, რადგან მის გარეშე სახლის შეძენა საკმაოდ რთულია.
ტრამპის განცხადებით, უძრავი ქონების ხელმისაწვდომობა იმდენად შეზღუდულია, რომ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის სახლის შესაძენად ერთადერთი გზა იპოთეკური სესხის გახანგრძლივებაა, რასაც სწორედ ეს ინიციატივა ისახავს მიზნად.
უნდა აღინიშნოს, რომ 50-წლიანი იპოთეკა 30-წლიანთან შედარებით გაცილებით მაღალპროცენტიანი იქნება, რაც, ერთი შეხედვით, საბანკო სექტორისათვის სასიხარულოა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 50-წლიან კრედიტს გაცილებით მაღალი რისკი ახლავს თან და თანაც მის ბოლომდე გასტუმრებას შეიძლება ორი ან სამი თაობა დასჭირდეს, მაშინ მივხვდებით, რომ ის დიდად საინტერესო არც ბანკებისთვის არ არის.
ექსპერტების შეფასებით, 50-წლიანი იპოთეკის შემოღებით უძრავი ქონების ხელმისაწვდომობა არსებითად არ შეიცვლება და ის ყოველთვიურ გადასახადს მაქსიმუმ 10%-ით შეამცირებს, რაც დამატებით 20-წლიან წნეხად არ ღირს.
რატომ მხოლოდ 10%-იანი კორექცია? – ამის მიზეზი ის არის, რომ იპოთეკის 20 წლით გახანგრძლივება კრედიტის პროცენტულ მოცულობას დრამატულად ზრდის, რაც, საბოლოო ჯამში, ყოველთვიურ გადასახადზე იმდენად მკვეთრად აისახება, რომ 20-წლიანი „შეღავათი“ ფაქტობრივად ქრება.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ამჟამად აშშ-ში მედიანური სახლის ფასი 415,000 დოლარს შეადგენს, რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის ხელმისაწვდომი არ არის. ასეთი სიძვირის მიზეზი ხელოვნურად შეზღუდული მიწოდებაა, რასაც საქალაქო განაშენიანების სისტემა და ის მარტივი მოცემულობა განაპირობებს, რომ სამეზობლოში ადრე დასახლებული მოქალაქეები ყოველ ახალ სამშენებლო პროექტს ბლოკავენ, რადგან ამ გზით ისინი თავიანთ უძრავ ქონებას აძვირებენ და უბნის იერსახეს უცვლელად ინარჩუნებენ.