Grammy-ის ჯილდო მუსიკის სამყაროს უმაღლესი აღიარებაა. დაჯილდოებისთვის ტრადიციულად იმართება ღონისძიება, რომელიც ხელოვნებას, ოსტატობას და კულტურულ მნიშვნელობას აერთიანებს და სადაც იმ ეპოქის წამყვანი ხმები ერთიანდებიან. ისე კი, Grammy-ის მიღება არ ნიშნავს მხოლოდ აღიარებას — ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომელიც პოპულარობის, სიმდიდრის და გავლენის გზაზე უამრავ კარს ხსნის. მაშ, ვის ვხედავთ Grammy-ის წლევანდელ ნომინანტებს შორის და ვინ აღმოჩნდა სიის მიღმა?
ყველაზე დიდ ინტერესს, ტრადიციულად, წლის საუკეთესო ალბომის კატეგორია იწვევს — ჯილდო, რომელიც აღიარებს არა კონკრეტულ ნაწარმოებს და მის შემსრულებელს, არამედ არტისტის მთლიან შემოქმედებით ხედვას. წლევანდელი ფავორიტები არიან: ბიონსეს ალბომი Cowboy Carter, ტეილორ სვიფტის ალბომი The Tortured Poets Department და ბედ ბანის ალბომი Nadie Sabe Lo Que Va a Pasar Mañana. ექსპერტების შეფასებით ისინი წარმოაჩენენ, როგორც პოპის მრავალფეროვნაბას, ასევე მის გლობალურ ბუნებას.
წლის ჩანაწერი — ჯილდო, რომლითაც შესრულებას და წარმოებას აჯილდოებენ, მოიცავს ისეთ ჰიტებს, როგორებიცაა კენდრიკ ლამარის Not Like Us და საბრინა კარპენტერის Espresso, მაშინ როცა წლის სიმღერის ნომინაცია, რომელიც უშუალოდ ავტორობაზეა ფოკუსირებული — ტექსტს და კომპოზიციას უსვამს მნიშვნელობას და ამ მიმართულებით წელს ტეილორ სვიფტის Fortnight და ჩაპელ როანის Good Luck, Babe! გამოარჩიეს. კატეგორიაში საუკეთესო ახალი არტისტი, რომელიც წარმოაჩენს იმ ხმებს, რომლებიც ხვალინდელი მუსიკის სახეს განსაზღვრავენ, მოხვდნენ, როგორც საბრინა კარპენტერი, ასევე ჩაპერ როანი და ტედი სუიმსი.
Grammy-ის 2026 წლის ნომინაციებმა ისტორიული მომენტი შექმნა: ბად ბანი გახდა პირველი ესპანურენოვანი არტისტი, რომელიც ერთდროულად დასახელდა სამ მთავარ კატეგორიაში — წლის ალბომი, წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა. როგორც ჩანს, ლათინურამერიკული მუსიკა აღარ არის ქვეკატეგორია, როგორც ეს წლების წინ იყო — დღეს ის გლობალური პოპის ერთ-ერთი წამყვანი ძალაა.
Grammy-ის პირველი დაჯილდოება 1959 წელს, ლოს-ანჯელესში და ნიუ-იორკში გაიმართა, რა დროსაც ჯამში 28 ჯილდო გაიცა. თავისი არსით, Grammy მუსიკალური "ოსკარია". მიუხედავად მუდმივი კამათისა წარმომადგენლობის და გამჭვირვალობის შესახებ, Grammy კვლავ რჩება მუსიკის სამყაროს ყველაზე გავლენიან სტანდარტად — მოვლენად, რომელიც არა მხოლოდ განსაზღვრავს, თუ ვინ ლიდერობს ჩარტებში, არამედ იმასაც, თუ ვინ ქმნის ყველაზე დიდ მემკვიდრეობას.