დიქტატორის ქონების დათვლა ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა, რომელიც ადამიანს შეიძლება დაევალოს, რადგან ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც, ყველგან და ყოველთვის, ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ დიდძალი მატერიალური სიმდიდრის დაგროვებაზე დგანან, ქონებას არაოფიციალურად ფლობენ, ხოლო აქტივებს სხვა ქვეყნებში, მათ შორის ოფშორულ ზომებში მალავენ. თავად ეს მიდგომა პრაგმატულია, რადგან დიქტატორული რეჟიმი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დასრულდეს და ქონება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა აქტივებში არის გადანაწილებული, უსაფრთხო და დივერსიფიცირებულია.

ისტორიაში ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა და, სავარაუდოდ, მომავალშიც მოხდება. ბოლო ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც მსოფლიოში დაემხო, სირიას უკავშირდება, სადაც ოცდაოთხწლიანი დიქტატორული მმართველობის შემდეგ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. ასადის პოლიტიკური წესრიგი გაააქტიურებულმა ოპოზიციამ შეარყია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ უეცრად გააქტიურდა და სირიის მთავარი ქალაქები აიღო, რამაც რეჟიმი დაასრულა, ხოლო მისი დიქტატორი მოკავშირე რუსეთში, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კარზე გააქცია.

კონკრეტულად რა ქონება მოიხვეჭა ბაშარ ალ-ასადმა და მისმა ოჯახმა სირიაზე ოცდაოთხწლიანი მმართველობის განმავლობაში დაზუსტებით სავარაუდოდ მხოლოდ დიქტატორმა და მისმა რამდენიმე ფინანსისტმა იციან, რადგან ასადის აქტივები გასაიდუმლოებულია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის დათვლებით, ბაშარ ალ-ასადის აქტივების ღირებულება ერთი მილიარდიდან თორმეტ მილიარდ დოლარამდე მერყეობს, მაგრამ კონკრეტული ჩამონათვალი, უცნობია.

ნათელი არც ის არის, თუ ვინ განაგებს დიქტატორის ამ დიდძალ ქონებას, მაგრამ, როგორც ცნობილია, ბოლო წლებში, ბაშარ ალ-ასადის ნათესავებმა და სირიის მმართველთან დაკავშირებულმა პირებმა არაერთი ძვირად ღირებული უძრავი ქონება შეიძინეს, როგორც რუსეთში, ასევე ავსტრიაში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. როგორც ჩანს, ძვირად ღირებული ნივთების საყიდლად თანხა ასადის რეჟიმმა სახელმწიფო კომპანიებზე დაწესებული მონოპოლიით და სხვადასხვა შავი ბიზნესით მიიღო, ხოლო თავად შესყიდვები იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ მსოფლიოში ბევრი ქვეყანა სანქციებს უბრალოდ არ აღასრულებს.

ისე კი, ისტორიას ახსოვს შემთხვევა, როცა საფრანგეთის სასამართლომ ბაშარ ალ-ასადის ბიძის, რიფაატ ასადის საკუთრებაში არსებული $95 მილიონი გაყინა. როგორც სასამართლოში 2019 წელს ფიქრობდნენ, ეს ფული უფროსმა ასადმა სირიის ქონების მისაკუთრებით და სახელმწიფო ფულის გათეთრებით მიიღო, რაც არასამართლიანია და, შესაბამისად, სანქციებს უნდა დაექვემდებაროს. თუმცა ის, რაც შესაძლებელია საფრანგეთში, ფაქტობრივად შეუძლებელია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და რუსეთში, რომელიც თავადაც ავტორიტარული სახელმწიფოა.