საფონდო ბირჟა ის ადგილია, რომელიც ადამიანებს რეალური სიმდიდრის შექმნის საშუალებას აძლევს, რაც მეტწილად იმითაა განპირობებული, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, საფონდო ბირჟა მუდმივად იზრდება. ინდივიდუალური ინვესტორების გარდა, საფონდო ბირჟით ფულის გამომუშავებას კორპორაციები და თავად ის კომპანიები ახერხებენ, რომელთა აქციები ბირჟაზე ივაჭრება, რადგან აქციების გაყიდვა დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და ნაკლებრისკიანი მეთოდია.
საფონდო ბირჟაზე ვხვდებით, როგორც ე.წ. “პენი აქციების” მქონე კომპანიების, ანუ მცირე ზომის მოთამაშეებს, რომელთა ერთი აქციის შეძენა რამდენიმე ცენტად შეიძლება, ასევე დიდ კორპორაციებს, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია მილიარდებში და უკვე ტრილიონებში იზომება. პირველი კომპანია, რომელმაც $1-ტრილიონიან ნიშნულს მიაღწია ამერიკული Apple-ი იყო, რომელმაც მიღწევა $2 ტრილიონზე და $3 ტრილიონზე გაიმეორა. მოგვიანებით, ასპარეზზე NVIDIA გამოჩნდა, რომლის შეფასება $4 ტრილიონს აჭარბებს — ამ დრომდე, ის ერთადერთი კომპანიაა ამ სტატუსით.
დღევანდელი მდგომარეობით, სულ მცირე $1-ტრილიონიანი შეფასება თერთმეტ კომპანიას აქვს, ესენია: NVIDIA, Microsoft, Apple, Amazon, Google, META, Saudi Aramco, Broadcom, TSMC, Tesla და Berkshire Hathaway. ჩამოთვლილებს შორის ერთი $4-ტრილიონიანია, ორი — $3-ტრილიონიანი და ორი — $2-ტრილიონიანი, დანარჩნების შეფასება კი $1 ტრილიონის ფარგლებშია. მსოფლიოს უდიდესი კომპანიებიდან თითქმის ყველა ამერიკულია, მაგრამ არსებობს ორი გამონაკლისი, ესენია მსოფლიოს უდიდესი ნავთობკომპანია Saudi Aramco და მიკროჩიპების და ნახევარგამტარების უდიდესი მწარმოებელი, ტაივანური TSMC.
დროსთან ერთად, ტრილიონიანი კომპანიების ჩამონათვალში კიდევ ბევრი კომპანია გამოჩნდება, ხოლო დღეს არსებულებიდან, რომელიმე, შესაძლოა, გაკოტრდეს და სიიდან ამოვარდეს — ასეთი რამ ამ დრომდე არაერთხელ გვინახავს. ტრილიონიან კლუბში გაწევრიანების კანდიდატები, პირველ რიგში, ის კომპანიები არიან, რომელთა შეფასება ტრილიონთან ახლოსაა, ესენია: მსოფლიოს უდიდესი ბანკი, JPMorgan Chase-ი, მაღაზიების უდიდესი ქსელი Walmart-ი, გადახდების მსოფლიო გიგანტი VISA, უდიდესი ფარმაკოლოგიური კომპანია Eli Lilly და ტექნოლოგიური კომპანია Oracle-ი.
გამორიცხული არაა, სიაში მოულოდნელად ახალი მოთამაშე გამოჩნდეს, როგორც ეს ბოლო წლებში NVIDIA-სთან მიმართებით მოხდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო ხუთ წელიწადში 1,500%-ზე მეტით გაიზარდა, ანუ 16-ჯერ გაიზარდა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ასეთი ზრდა შეიძლება სხვა კომპანიებმაც დააფიქსირონ.











