იმ კომპანიების ჩამონათვალში, რომელთაც მომხმარებელი თვალდახუჭულად ენდობა კვლავაც Porsche ლიდერობს. Brand Finance-ის უახლეს რეიტინგში, გერმანული ავტოკონცერნის ბრენდი $41.1 მილიარდადაა შეფასებული და 5%-იანი წლიური კლების მიუხედავად, კვლავაც პირველ ადგილს იკავებს. Porsche-მ საკმაოდ მაღალი ქულა მიიღო მიმღებლობის მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი მზადაა, Porsche-ს პროდუქტებში სისტემატურად უფრო მეტი გადაიხადოს, რაც ის ნარატივია, რომელიც გერმანულ კომპანიას აქვს — Porsche-ში სჯერათ, რომ ცოტა ავტომობილის გაყიდვა ძვირად უკეთესია, ვიდრე ბევრი ავტომობილის, იაფად. გერმანული კომპანიის შეფასება ასევე მაღალია სანდოობის და რეპუტაციის კატეგორიებში.

ყველაზე ძვირად ღირებული პრემიული ბრენდები Brand Finance-ის მიხედვით:

#1 — Porsche = $41.1 მლრდ
#2 — Chanel = $37.9 მლრდ
#3 — Louis Vuitton = $32.9 მლრდ
#4 — Hermes = $19.9 მლრდ
#5 — Rolex = $18.8 მლრდ
#6 — DIOR = $17.3 მლრდ
#7 — Cartier = $15.7 მლრდ
#8 — Ferrari = $14.4 მლრდ
#9 — GUCCI = $11.1 მლრდ
#10 — Guerlain = $7.7 მლრდ

2019 წლიდან 2024 წლამდე, ფუფუნების საგნების და პრემიულ სექტორებში დიდი აღმასვლა იყო, რა დროსაც მსოფლიოს წამყვანი 50 ბრენდის ღირებულება 43%-ით გაიზარდა. 2025 წლისთვის, ეს იმპულსი შენარჩუნებულია, ხოლო ჯამური ღირებულება რეკორდულია და $317 მილიარდს უტოლდება. თუმცა, ვითარება იცვლება. მომავალში ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელი, რასაც მომხმარებლის ცვალებადი გემოვნება და ინფლაცია იწვევს, რომელიც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს.

ბრენდის ღირებულება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი აქტივია, რომელიც ასახავს, თუ რა ფინანსურ სარგებელს უქმნის ბიზნესს მისი სახელწოდება, ლოგო და შეგრძნება, რომელსაც ისინი მომხმარებელს უქმნიან. შეფასება სუბიექტურია, მაგრამ მისი გაზომვა მაინც შეიძლება, რა დროსაც ექსპერტები რამდენიმე პარამეტრს აკვირდებიან, მათ შორის მომხმარებლის ქცევას, კომპანიის ბაზრის წილს, მაღალი შემოსავლის პროგნოზირებადობას. ასევე გასათვალისწინებელია, თუ რამდენად შეუძლია კომპანიას საკუთარი პროდუქტი ან სერვისი უფრო ძვირად მხოლოდ იმიტომ გაყიდოს, რომ ის მისი ბრენდისაა. ამგვარად, ბრენდის ღირებულებას კომპანიის რეპუტაცია, ცნობადობა და მომხმარებელთა ლოიალობა ფინანსურ ერთეულში გადააქვს.

თუკი Brand Finance-ის უახლეს ანგარიშს დავუჯერებთ, გლობალური ბრენდების შეფასება გასულ წელს 23%-ით გაიზარდა და $97.6 ტრილიონს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამ ზრდის დიდი ნაწილი ამერიკულ NVIDIA-ზე მოდის, რომელიც პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა. თუმცა თუ ჯენსენ ჰუანგის კომპანიას საქმე კარგად აქვს, მიმდინარე წელს რამდენიმე ისეთი კომპანიაც გამოიკვეთა, რომელთა ბრენდის იმიჯი მკვეთრად შეილახა, მათ შორის განსაკუთრებულად Starbucks-ი, Tesla, WeChat-ი, Mitsui და Mercedes-Benz-ი დაზარალდნენ. ამ უკანასკნელის ბრენდის შეფასებამ ერთ წელიწადში $6.4 მილიარდით იკლო.