საკალათბურთო სამყაროში ხმაურიანი განქორწინების ზარი გაისმა. “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” ვარსკვლავი, სტეფ კარი სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ კომპანიასთან პარტნიორობას შეწყვეტს, ანუ 13-წლიანი თანამშრომლობა წარსულს ჩაჰბარდება. სტეფ კარი Under Armour-თან საკუთარი ბრენდის — Curry Brand-ის მეშვეობით თანამშრომლობდა, მაგრამ, ამიერიდან, სპორტსმენი ბიზნესს დამოუკიდებლად განავითარებს. პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ბოლო ფეხსაცმელი მაღაზიებში თებერვალში გამოჩნდება.

სპორტული გიგანტების დაშორება, დიდწილად, Under Armour-ის ცუდ ფინანსურ მდგომარეობას ეფუძნება. საფონდო ბირჟაზე რეკორდი Under Armour-მა ბოლოს 2015 წელს დააფიქსირა, მას შემდეგ კი აქცია 92%-ით გაუფასურდა. ინვესტორები უკმაყოფილებას გამოხატავენ, მენეჯმენტი კი იძულებულია რადიკალური ცვლილებები გადადგას. ამჟამინდელი მონაცემებით, Under Armour-ის რესტრუქტურიზაცია $255 მილიონი დაჯდება და ამ თანხის დიდი ნაწილი კარისთან ურთიერთობის გაწყვეტას მოხმარდება.

ფასიანი ქაღალდების გაუფასურების გარდა, Under Armour-ის მენეჯმენტი ვეღარც შემოსავალს წერს, რადგან ის ბოლო რვა კვარტალია მცირდება! თუმცა ის, რაც Under Armour-ის თავს ხდება, მხოლოდ კომპანიას და მის მენეჯმენტს არ უკავშირდება. თუ ადრე, სპორტული ტანსაცმლის სექტორში რამდენიმე დიდი კომპანია დომინირებდა, დღეს არაერთი პატარა ბრენდი გამოჩნდა, მათ შორის Hoka და On, რომელთაც ამბასადორობაზე არაერთი ცნობილი სპორტსმენი დაითანხმეს, მათ შორის ჩოგბურთის ლეგენდა, როჯერ ფედერერი.

როგორც სტეფ კარი ამბობს, მისი სურვილია ბრენდმა გაცილებით დიდხანს იცოცხლოს, ვიდრე მისმა სპორტულმა კარიერამ, რომელიც, ალალები თუ ვიქნებით, გარდაუვალ დასასრულს უახლოვდება. სტეფ კარი ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი — და უდავოდ საუკეთესო მსროლელია — რომელსაც NBA-ის პარკეტზე უთამაშია, მაგრამ სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, სპორტსმენები აქტუალობას კარგავენ. გამონაკლისი ყველაფერს აქვს და კალათბურთში მას მაიკლ ჯორდანი ჰქვია. ნუთუ, სტეფ კარის ისეთივე ძლიერი ბრენდის შექმნა სურს, როგორიც Air Jordan-ია?