ცნობილმა ამერიკელმა ინვესტორმა, ფილმ The Big Short-ის მთავარმა ფიგურამ და ფინანსურ სამყაროში „წინასწარმეტყველი კასანდრას” სახელით ცნობილმა მაიკლ ბერიმ თავისი ჰეჯ-ფონდი Scion Asset Management-ი დახურა.
მარეგულირებელი ორგანოსათვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, ფონდი დაუყოვნებლივ იქნება ლიკვიდირებული და მის მფლობელობაში დარჩენილი აქტივები ინვესტორებს წლის ბოლომდე დაუბრუნდებათ, თუმცა ამ დოკუმენტაციიდან უცნობია, ფონდი ზარალით დაიხურა თუ არა.
ფონდის ლიკვიდაცია პირდაპირ კავშირშია ბერის მიერ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების, NVIDIA-სა და Palantir-ის წინააღმდეგ ტრეიდინგ პოზიციების გახსნასთან. ფონდმა 80%-იანი ფსონი დადო იმაზე, რომ ეს კომპანიები უახლოეს მომავალში მკვეთრ დაღმასვლას განიცდიდნენ, თუმცა ამერიკელი ინვესტორის ეს პროგნოზი არ გამართლდა და Scion Asset Management-ი კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდა.
ინვესტორი, რომელმაც 2008 წლის ფინანსური კრიზისი იწინასწარმეტყველა და ამით დიდი ფინანსური სარგებელიც მიიღო, ახლა ამტკიცებს, რომ AI-კომპანიების შეფასება სრულად აცდენაშია რეალობასთან და საქმე გვაქვს არა უბრალოდ სპეკულაციასთან, არამედ 2000-იანი წლების dot-com-ის ბუშტის ანალოგთან. ბერის განცხადებით, ეს კომპანიები არარაციონალურად ძვირად არიან შეფასებულნი და მათი აქციების ვარდნა გარდაუვალია.
უნდა აღინიშნოს, რომ მაიკლ ბერი არ არის ერთადერთი ინვესტორი, რომელიც ამ მოსაზრებას იზიარებს და ამბობს, რომ AI-ინდუსტრია სპეკულაციური ბუშტის ფაზაშია და ინვესტორებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში მაიკლ ბერიმ თითქმის 100-ჯერ ივარაუდა საფონდო ბირჟის ჩამოშლა და ეკონომიკური რეცესია, თუმცა ამ პროგნოზებიდან მხოლოდ 10%-ზე ნაკლები გამართლდა, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ 2008 წლის ფინანსური კრიზისი იყო, რომელმაც მას საერთაშორისო ცნობადობა და აღიარება მოუტანა, რაც, უმეტესწილად, რეჟისორ ადამ მაკკეის და კრისტიან ბეილის შეუდარებელი შესრულების დამსახურება იყო.

როგორც აწ უკვე დახურული ჰეჯ-ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, მას უკვე აღარ ესმის, თუ რა ხდება დღეს ბაზარზე.
„ამ ბაზარს ვეღარ ვუგებ”, – ასე ახსნა მაიკლ ბერიმი თავისი ჰეჯ-ფონდის კოლაფსი.
ზოგადად, თუ სტატისტიკური ალბათობით ვიმსჯელებთ, ამერიკული საფონდო ბირჟის წინააღმდეგ ფსონის დადება უმეტესად კრახით სრულდება, რადგან გრძელვადიანად ბირჟა ყოველთვის აღმავალია, მომავალი კრიზისის ზუსტად წინასწარმეტყველება კი შეუძლებელია, მათ შორის მაიკლ ბერისთვის. ამ სტატისტიკურ ჭეშმარიტებას შესანიშნავად გადმოსცემს ლეგენდარული უორენ ბაფეტის სიტყვები: „არასოდეს დადო ფსონი ამერიკის წინააღმდეგ“.