ამერიკული Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა $5.7 მილიარდის აქციები გაყიდა. როგორც მარეგულირებლისთვის წარდგენილი უახლესი დოკუმენტიდან ვიგებთ, ანტრეპრენიორმა $954 მილიონის ღირებულების 4.2 მილიონი აქცია გაყიდა. აღნიშნული ტრანზაქცია იმ მრავალმილიარდიანი პაკეტის ფარგლებში შედგა, რომელიც ბეზოსმა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების მარეგულირებელ კომისიასტან გასულ წელს შეათანხმა.

ბეზოსის ტრანზაქციების პარალელურად, აპრილში დაფიქსირებული ლოკალური მინიმუმის შემდეგ, Amazon-ის შეფასება 38%-ითაა გაზრდილი, ანუ ბეზოსმა აქციები სარფიანად გაყიდა. თავად ბეზოსმა აქციების გაყიდვა ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო, რის შემდეგაც დაახლოებით $50 მილიარდის ფასიანი ქაღალდები აქვს გაყიდული.

ამჟამად, ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $252 მილიარდად აფასებს. ანტრეპრენიორის ქონების უდიდესი ნაწილი Amazon-ზე მოდის, რომელიც ამერიკელმა 1994 წელს დააფუძნა. თავიდან, Amazon-ი წიგნების მაღაზია იყო, მაგრამ დღეს ის მსოფლიოს უდიდესი ონლაინმაღაზიაა, სადაც ყველაფერი იყიდება.

ამასთან, ჰოლდინგში ქლაუდ-სერვისების უდიდესი მიმწოდებელი, AWS-იც შედის, რომელიც ბოლო წლებში, კომპანიისთვის ელექტრონულ კომერციაზე არანაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. წლებია, რაც ჯეფ ბეზოსი Amazon-ის ყოველდღიურ მენეჯმენტში აღარ ერევა. Amazon-ის გენერალური დირექტორის პოსტი ბეზოსმა 2021 წელს დატოვა, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ისევ ისაა. ამასთან, ჯეფ ბეზოსი Amazon-ის უდიდეს აქციონერად რჩება, რომელზედაც კომპანიის დაახლოებით 8%-იანი წილი და საბჭოში ხმების 12% მოდის.

მაშ, რატომ ყიდის ჯეფ ბეზოსი აქციებს, თუკი მისი ქონება $252 მილიარდია? საქმე ისაა, რომ მილიარდერების და მილიონერების ქონება, როგორც წესი, მეტად არალიკვიდურია, ანუ ის კომპანიის აქციების, უძრავი ქონების და სხვა მსგავსი აქტივების ღირებულებაზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, ქონების შეფასება არ ნიშნავს, რომ ადამიანი ამ ოდენობის ნაღდ ფულს ფლობს.

თუკი მილიარდერს სურს, სახლი, კერძო თვითმფრინავი, იახტა ან ნებისმიერი სხვა რამ შეიძინოს, ის იძულებული ხდება აქტივები ნაღდ ფულში გადაცვალოს. ჯეფ ბეზოსი კი, როგორც ცნობილია, ფულს ხარჯავს არამხოლოდ ძვირად ღირებულ სათამაშოებზე, არამედ სხვა კომპანიებზე, მათ შორის კოსმოსურ ინდუსტრიაში არსებულ Blue Origin-ზე. ამასთან, მილიარდერის ბოლოდროინდელ ხარჯებში იტალიის ქალაქ ვენეციაში გამართული პომპეზური ქორწილი გამოჩნდა, რომელიც დაახლოებით $56 მილიონი დაჯდა.