პოპულარული გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა ამერიკულმა The Coca-Cola Company-მ 2025 წლის პირველი კვარტალის ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა, რომელთაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა.

საანგარიშო პერიოდში კომპანიამ $11.22 მილიარდის შემოსავალი მიიღო, ანუ პროგნოზირებულზე $80 მილიონით მეტი, რაც, უმეტესწილად, ჰოლდინგში შემავალი სასმელების გაძვირებით აიხსნება. უშუალოდ გაზირებული სასმელების მიმართულების შემოსავალი 2%-ით გაიზარდა, როცა უშაქრო “კოკა-კოლაზე” გლობალურად მოთხოვნამ 14%-ით იმატა.

წლის პირველ სამ თვეში კომპანია აქციონერებზე $3.33 მილიარდის დივიდენდს გაანაწილებს, რაც თითოეულ აქციაზე 77 ცენტის ტოლია და ამ მხრივადაც მნიშვნელოვანი წლიური ზრდა ფიქსირდება. The Coca-Cola Company-ის მიერ დივიდენდის განაწილების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ძირძველი ამერიკული კომპანია ე.წ. “დივიდენდური არისტოკრატია”, რომელმაც აქციონერებისთვის მოგების განაწილება ჯერ კიდევ 1892 წელს, კომპანიის დაფუძნებიდან მალევე დაიწყო. დღეს, ბევრი ინვესტორი Coca-Cola-ის აქციებს სწორედ ამ მიზნით ყიდულობს.

2025 წლის პირველი კვარტალის ფინანსურ ანგარიშთან ერთად, The Coca-Cola Company-მ მიმდინარე წლის პროგნოზიც გაავრცელა. როგორც კომპანიაში ამბობენ, წარმოების უდიდესი ნაწილი ისედაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ლოკალიზებული, ასე რომ ტარიფების ნეგატიური გავლენა, შესაძლოა, ალუმინის და მსგავსი დამატებითი საქონლის შემთხვევაში დაფიქსირდეს, მაგრამ თავად ეს მიმართულება კომპანიისთვის საკმაოდ მწირია, ამიტომაც მენეჯერები ამბობენ, რომ ტარიფებს გაუმკლავდებიან.