აშშ-ის სწრაფი კვების ბაზარზე ვითარება დრამატულად იცვლება. ბოლო მონაცემებით, ამერიკაში Wendy’s-ის ბრენდის 6,000-ზე მეტი რესტორანია, თან ეს იმ პირობებში, როცა გასულ წელს კომპანიამ 240 რესტორანი დახურა. ეს გადაწყვეტილება მენეჯმენტის ხედვის ნაწილია, რომელიც რესტორნებში სტუმრების რაოდენობის და მოგებიანობის გაზრდას გულისხმობს. ამგვარად, რეორგანიზაციის პირობებში ის რესტორნები დაიხურება, რომლებიც მაღალ მოგების მარჟის და სამომხმარებლო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. პარალელურად, Wendy’s-ში რეორგანიაცია გრძელდება, რადგან ივლისში გენერალური დირექტორი კირკ ტანერი სამუშაოდ Hershey-ში გადავიდა.
პრობლემა, რომლის წინაშე Wendy’s-ი აღმოჩნდა, მხოლოდ შიდა სტანდარტებს არ უკავშირდება. რეალურად, დაბალშემოსავლიანი ამერიკელები Wendy’s-ში და მის მსგავს რესტორნებში უფრო და უფრო იშვიათად დადიან, რაც ინფლაციითაა განპირობებული. სწრაფი კვება ბოლო წლებში იმდენად გაძვირდა, რომ ამ ტიპის დაწესებულებებმა კონკურენტული უპირატესობა დაკარგეს, ანუ მომხმარებელი სახლში კვებაზე გადავიდა. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში Wendy’s-ის რესტორნების შემოსავალი წლიურად 2%-ით შემცირდა. პარალელურად, კომპანიას ახალი კლიენტების მოძიება უჭირს.
Wendy’s-ი საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. დღეს, ინვესტორები კომპანიას $1.62 მილიარდად აფასებენ, მაგრამ ბოლო ხუთ წელიწადში Wendy’s-ის აქციების ფასი 62.4%-ითაა შემცირებული. McDonald’s-ის მსგავსად, აქციონერებზე მოგებას Wendy’s-იც ანაწილებს, რომლის შემთხვევაში დივიდენდის მოცულობა დაახლოებით 6.5%-ია.