რა არის კარგი ქალაქი? ამ მეტად ფილოსოფიურ კითხვას პასუხი ეკონომისტებმა გასცეს. კარგი ქალაქი მეტია, ვიდრე სუფთა ჰაერი და გემრიელი სამზარეულო, გამართული ინფრასტრუქტურა ან მოჩუხჩუხე ეკონომიკა — კარგი ქალაქი ამ ყველაფრის და კიდევ მრავალი ფაქტორის ერთობლიობაა. კარგი ქალაქი ისაა, სადაც ის ყველაფერი ერთიანდება, რაც ქალაქს სასურველ საცხოვრებლად აქცევს. ცხოვრების მაღალი დონე კი იქმნება მაშინ, როცა ხელმისაწვდომი ფასები, ეკოლოგიურობა, კულტურული სიცოცხლე და შესაძლებლობები ერთ მთლიანობად იძერწება.
სწორედ ამ მრავალმხრივი მიდგომით აფასებს საკონსულტაციო კომპანია Resonance Consultancy მსოფლიოს საუკეთესო ქალაქებს. ამ რეიტინგში, რომელსაც კომპანია ყოველწლიურად ადგენს, ქალაქები სამი ძირითადი კრიტერიუმით ფასდება, ესენია — საცხოვრებელი პირობები, ემოციური მიზიდულობა და ეკონომიკური შესაძლებლობები. კვლევაში 270 ქალაქი მოხვდა, რომელთაც მკვლევრები ობიექტური და სუბიექტური პრინციპებით აფასებენ.
ამ რეიტინგში, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეში — ამერიკა ლიდერობს. მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკა ტოპ-100-ში ერთბაშად 19 ქალაქითაა წარმოდგენილი, რომელსაც რიგითობით გერმანია და ჩინეთი მოსდევენ. 2026 წლის ანგარიშის მთავარი ტენდენციებია: კლიმატის მდგრადობის გაზრდილი მნიშვნელობა, კულტურისა და ფუფუნების სინთეზი, ურბანული მობილობისა და აეროპორტების როლის ზრდა, ასევე ტექნოლოგიური ეკოსისტემების გავლენა ქალაქის პრესტიჟსა და საინვესტიციო მიმზიდველობაზე.
#1 — ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
მოსახლეობა: 12.4 მილიონი
მსოფლიოში საუკეთესო ქალაქის სტატუსს უკვე მეთერთმეტედ, ლონდონი ინარჩუნებს. ის ლიდერობს კეთილდღეობით, მიმზიდველობით და ცხოვრების ხარისხით. ქალაქი კვლავ რჩება გლობალურ ფინანსურ, კულტურულ და უძრავი ქონების ცენტრად, სადაც ფუფუნება არა მარტო ცხოვრების სტილია, არამედ ეკონომიკური ღერძი. პრესტიჟულ უბნებში — მეიფერი, ნაიტსბრიჯი, შორდიჩი — ელიტური ინვესტიციები და ხელოვნება ჰარმონიულად ეტრფის ერთმანეთს.

#2 — ნიუ-იორკი, აშშ
მოსახლეობა: 19.9 მილიონი
მეორე ადგილზე მყოფი ნიუ-იორკი აერთიანებს ფინანსურ ძალას, კულტურულ ენერგიასა და ურბანულ სიახლეებს. ჯეფ კენედის აეროპორტის განახლება, ოფისების საცხოვრებლად გადაკეთება და მაღალი კლასის უძრავი ქონების ზრდა ცხადყოფს, რომ ქალაქი ადაპტირდება ახალ ეკონომიკურ რეალობასთან. ფუფუნება აქ პროგრესის ფორმაა — არა სტატუსის დემონსტრაცია, არამედ ცხოვრების სტანდარტი.

#3 — პარიზი, საფრანგეთი
მოსახლეობა: 13.1 მილიონი
პარიზი, რომელსაც კულტურის, მოდისა და ფუფუნების სინონიმად მიიჩნევენ, მესამე ადგილს იკავებს. ოლიმპიური თამაშების მემკვიდრეობამ ქალაქს ახალი ენერგია შემატა — განახლდა ინფრასტრუქტურა, გაიზარდა მწვანე სივრცეები და გამყარდა მაღალი კლასის სასტუმრო სექტორი. პარიზი კვლავ რჩება ევროპის უძრავი ქონების ელიტური ინვესტორების საყვარელ მიმართულებად.

#4 — ტოკიო, იაპონია
მოსახლეობა: 36.6 მილიონი
ტოკიო მეოთხე პოზიციაზეა თავისი ტექნოლოგიური სრულყოფილებით, სისუფთავითა და გამორჩეული უსაფრთხოებით. გინზას ბულვარებით დაწყებული – ციფრული ინოვაციებით დასრულებული, ქალაქი აერთიანებს ტრადიციას და მომავალს. ტოკიო გლობალური ფუფუნების კულტურის თანამედროვე სახეა — დახვეწილი, დისციპლინირებული და შეუცვლელი.

#5 — მადრიდი, ესპანეთი
მოსახლეობა: 7 მილიონი
მეხუთე ადგილზე მყოფი მადრიდი სწრაფად ყალიბდება ევროპულ ფუფუნების ცენტრად. ახალი ბრენდები, კულტურული უბნების რენესანსი და მწვანე ურბანული ინიციატივები ქალაქს უნიკალურ ხასიათს აძლევს. მადრიდი წარმატებით აერთიანებს ხელმისაწვდომობას, ცხოვრების ხარისხს და ევროპულ ელეგანტურობას.

2026 წლის საუკეთესო ქალაქების ხუთეული აჩვენებს, რომ მაღალი რეიტინგი იქმნება არა მხოლოდ ეკონომიკური სიმძლავრით, არამედ კულტურის, ფუფუნების, მდგრადობისა და ცხოვრების სტანდარტების ნაზავით. ეს ქალაქები არ გვთავაზობენ მხოლოდ პრესტიჟს — ისინი ქმნიან ცხოვრების ისეთ სტილს, რომელიც მომავალსაც უძლებს.