იაპონური ავტომწარმოებელი გიგანტი Toyota ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში 10 მილიარდი დოლარის მოცულობის ახალ ინვესტიციას განახორციელებს.

თანხის უდიდესი ნაწილი ჩრდილოეთ კაროლინაში დაგეგმილ პროექტზე მიიმართება, რაც ახალი თაობის საწარმოს აშენებას, მის ტექნიკურად გამართვას და ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, რამდენიმე მილიარდი დოლარი მიიმართება ბატარეების საწარმოზე, რომელსაც Toyota თავისი ჰიბრიდული და ელექტრონული ავტომობილების წარმოებისათვის გამოიყენებს.

უნდა აღინიშნოს, რომ წლის დასაწყისში Toyota-მ უკვე გამოყო $14-მილიარდიანი საინვესტიციო ბიუჯეტი ამერიკისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში განსახორციელებელი პროექტების საერთო მოცულობა $24 მილიარდამდე იზრდება.

თავად ახალი ინვესტიცია პირდაპირ კავშირშია იაპონიაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტთან, რომლის ფარგლებში ის ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, ტრამპმა Toyota-ს მხრიდან $10-მილიარდიანი ინვესტიცია დააანონსა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უმსხვილესი იაპონური კომპანიის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ის ტრამპის სავაჭრო-სატარიფო საგის ნაწილია.