CX-60 PHEV განსაკუთრებით ამბიციური პროექტია, რომელიც ბაზარზე ყველაზე მაღალი კონკურენციის მქონე სეგმენტს, ანუ საშუალო ზომის, პრემიუმ, ჰიბრიდული SUV-ების კლასს უმიზნებს. თანაც, ეს Mazda-ს პირველი დამუხტვადი ჰიბრიდია ისტორიაში. 
 
ამ სეგმენტში თავის დასამკვიდრებლად Mazda-ს უწევს არა მხოლოდ კონკურენტების დამარცხება, არამედ საკუთარი, უნიკალური სტილს წარმოჩენა. ის სტილი და დიზაინი, რომელიც ამ ავტომობილს გამოარჩევს, იაპონური Kodo-ს ფილოსოფიას ეფუძნება, რაც მოძრაობის სულის გადმოცემას და ერთი შეხედვით უსულო ობიექტის, ანუ ავტომობილის გაცოცხლებას ისახავს მიზნად.
 
სწორედ ამ მიზანს ემსახურება CX-60-ის დიზაინი, რომელსაც უჩვეულოდ გრძელი წინა ნაწილი, ვიწრო მაშუქები, უკანა საბურავებთან ახლოს მყოფი საყრდენი ღერძი, ვიზუალური სიგანე და დგომა გამოარჩევს, რომელიც ზედმეტი ხმაურის გარეშე ახერხებს ავტომობილის სპორტული დნმ-ის გადმოცემას. 
 
ასევე, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის რაკურსი, საიდანაც CX-60-ის გრძელი წინა ნაწილი, მასიური ჰაერის შემშვები, ინტეგრირებული მაშუქები და აგრესიული წინა ბამპერი ჩანს, რომელსაც ფუნქციური საჰაეროები აქვს. დიახ, არ მოგესმათ, ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, აეროდინამიკურ მისიას ემსახურება და მხოლოდ ვიზუალური დეკორაციის მიზნით არ არის.
  
ტექნიკურ ნაწილზე რომ გადავიდეთ, ჰიბრიდულობა ამ ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რადგან ის მეტი სიმძლავრის, უკეთესი აჩქარების და საწვავის ეკონომიის მიღების საშუალებას იძლევა. თანაც, CX-60-ს სრულად ელექტრონულ რეჟიმშიც შეუძლია გადაადგილება, თუმცა მაქსიმალური სავალი მანძილი საკმაოდ შეზღუდულია და ის, როგორც ცნობილია, 50-76 კილომეტრის ფარგლებშია, რაც ქალაქში, ყოველდღიური გადაადგილებისათვის საკმარისია, მაგრამ ქალაქს მიღმა მის იმედად ვერ ვიქნებით.
 
ამ ტიპის ჰიბრიდული სისტემა განსაკუთრებით გამოსადეგი მაშინაა, თუ თქვენი ავტომობილის დამუხტვას სახლში ან სამსახურში ყოველდღიურად ახერხებთ. თუკი CX-60-ს ასე გამოიყენებთ, მისი 17.8-კილოვატსაათიანი ბატარეა სავსებით საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ყოველდღიურ გადაადგილებაში ბენზინი საერთოდ არ მოიხმაროთ და საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად შეამციროთ. 
 
თუკი თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას დამტენი უბრალოდ არ არის, მაშინ CX-60 ჩვეულებრივი ჰიბრიდის როლში შეგიძლიათ გამოიყენოთ და მაინც არ თქვათ უარი საწვავის ეკონომიაზე, რადგან სისტემა დამუხრუჭებისას და შენელებისას მაინც ახერხებს ენერგიის აღდგენას და ბატარეის შევსებას. აი, წვას რაც შეეხება, ის ჩვეულებრივ, ჰიბრიდულ რეჟიმში 7-8 ლიტრის ფარგლებშია, თუმცა გააჩნია მართვის სტილსა და გზას, რომელზედაც გადაადგილდებით.
  
ერთი რამ, რაც Mazda-ს ყოველთვის გამოარჩევს, ეს რაციონალურობაა. ინტერიერში ზუსტად იმდენი ღილაკი, გადამრთველი და ბერკეტია, რამდენიც უნდა იყოს. არცერთი საჭირო ფუნქციონალი არ არის ჩაკარგული მენიუში, ყველაფერი მარტივადაა ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, ყველა ღილაკი მართლაც ფიზიკურია და არც სენსორული. მულტიმედიის სისტემაც როტორული ჯოისტიკის დახმარებით იმართება, რაც მის გამოყენებას ამარტივებს, თუმცა მგზავრების გაოცებას არ იწვევს, ისე როგორც ამას Tesla ახერხებს.
 
მულტიმედიას თუ შევეშვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ CX-60-ის ინტერიერი საინტერესოდ გამოიყურება: საჭე იდეალური ფორმისაა, ინტერიერში მაღალი ხარისხის საწარმოო მასალებია – რასაც ვეხებით, ყველაფერი მყარადაა დამაგრებული, გვაქვს საჭის და სავარძლების გათბობაც. ასევე გვხვდება პანორამული ჭერი, უსაფრთხოების სისტემები, უკანა და წინა ხედვის კამერები, შეჯახების საწინააღმდეგო სენსორი და ყველაფერი, რაც თანამედროვე მანქანას უნდა ჰქონდეს.
  
დროა, ინტერიერიდან მართვის გამოცდილებაზე გადავიდეთ. ზოგადად, Mazda ყოველთვის გამოირჩევა კომფორტსა და სპორტს შორის სწორი ბალანსით. მიუხედავად იმისა, SUV-სთან გვაქვს საქმე, სედანთან თუ სპორტქართან, ანუ MX-5 Miata-სთან, რომელიც საერთოდაც ისტორიაში ყველაზე პოპულარული სპორტული ავტომობილია.
 
ამ სპორტულ გარემოს ჰიბრიდული 327 ცხენის ძალა, 500 ნიუტონმეტრის გაწევა და 8-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ქმნის, რომელიც პირდაპირ 129-კილოვატიან ელექტრომოტორთან არის დაკავშირებული, რაც მყისიერ რეაგირებას უზრუნველყოფს. 2.5-ლიტრიანი ბენზინის ძრავა და ელექტრომოტორი ერთმანეთთან ისე სინქრონულად მუშაობენ, რომ სისტემა არ გაწუხებთ და არცერთი წამით არ ნანობთ, რომ ჰიბრიდული ავტომობილი შეიძინეთ.
 
როცა სპორტულ რეჟიმში ვართ, აქსელერატორის სატერფული საკმაოდ სწრაფად რეაგირებს, თუმცა ჩვეულებრივ, კომფორტულ რეჟიმში მეტ სილაღეს ვისურვებდით. სამუხრუჭე სისტემა მარტივად ართმევს თავს ამ 2-ტონიან მანქანას, თუმცა თუ ფეხი ჰიბრიდულ სატერფულზე მიჩვეული არ გაქვთ, თავდაპირველად ის საკმაოდ უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ.
  
CX-60-ის ძარას და დაკიდების სისტემას რაც შეეხება: წინ გვაქვს ორბერკეტიანი, ხოლო უკან მრავალსაყრდენიანი დაკიდების სისტემა. წინა მოდელთან შედარებით, მისი გეომეტრია შეცვლილია და ის ახლა უფრო კომფორტული და სტაბილურია, თუმცა მას მაინც არ დაუკარგავს სპორტული ხასიათი.
 
მოსახვევში მაღალი სიჩქარით შესვლისას, ან ზოლებს შორის გადასვლისას CX-60 არც ზედმეტად იხრება და არც ირწევა, რაც მის დინამიკურ ხასიათზე მიუთითებს.
  
მოსახვევებში კომპეტენტურად შესვლისათვის Mazda-მ კინემატიკური კონტროლის სისტემა შექმნა, რომელიც შიდა უკანა საბურავს საჭირო წნევით ამუხრუჭებს. შედეგად, მოსახვევში მცირდება რყევა და გადახრა, რაც ზრდის სტაბილურობას და შეტევის სიჩქარეს.  
 
CX-60-ის არსენალში კიდევ ერთ გამოსადეგ ფუნქციას, i-ACTIV AWD-სისტემას ვხედავთ, რომელიც სრულ ამძრაობას უზრუნველყოფს. რაც მთავარია, სისტემა უკანა წამყვან არქიტექტურაზეა დაშენებული, ანუ ჩვეულებრივ ვითარებაში სიმძლავრის უდიდესი ნაწილი უკანა თვლებზე მიიმართება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ძალის 50% წინა თვლებზე შეიძლება იქნეს გადანაწილებული. უკანა თვლებზე ფოკუსით მეტ სტაბილურობას, ბუნებრივ მანევრს, საბურავების ნაკლებ ცვეთასა და მეტ კომფორტს ვიღებთ. მაგრამ თუ უგზოობაში აღმოვჩნდებით და Off-Road რეჟიმს გავააქტიურებთ, მარტივად დავინახავთ, თუ რაოდენ ეფექტიანად მუშაობს AWD-სისტემა და როგორ მარტივად სძლევს CX-60 საშუალო სირთულის გამოწვევებს. 
  
როგორც უკვე ვთქვით, ჯამურად 327 ცხენის ძალა გვაქვს, რაც 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5.8 წამში უზრუნველყოფს, ხოლო 100 კმ/სთ-დან 0-მდე გასაჩერებლად ავტომობილს დაახლოებით 35 მეტრი სჭირდება.

აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ თუ CX-60-ს პირდაპირ კონკურენტებს, ანუ საშუალო ზომის, ჰიბრიდულ SUV-ებს თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ მას ყველაზე მეტი სიმძლავრე, ყველაზე სწრაფი აჩქარება და ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი აქვს, რაც Mazda-სთვის დიდი უპირატესობას წარმოადგენს.
 
მაინც, მთავარი უპირატესობა, რომელიც ამ ავტომობილს აქვს, ეს იაპონური ხარისხი, გამძლეობა და სანდოობაა. Motor Trend-ის, Consumer Reports-ის და J.D. Power-ის მიერ გამოქვეყნებული დამოუკიდებელი კვლევების თანახმად, Mazda ტოპ სამ ყველაზე გამძლე საავტომობილო ბრენდს შორის არის, Toyota-ს და Honda-ს გვერდით.
 
ურბანული ლეგენდებისგან განსხვავებით, ზემოხსენებული კვლევითი ორგანიზაციები ბრენდების შესაფასებლად ობიექტურ პარამეტრებს და მონაცემებს იყენებენ. მათ შორის იმას: თუ რამდენად ხშირად მიმართავენ ავტომობილები სადილეროებს; რამდენად ხშირად აწუხებთ ტექნიკური პრობლემები; რამდენად ხშირად იხმობენ მათ მწარმოებლები უკან და რამდენად დიდია ის პრობლემები, რომელთაც მძღოლები პირველი 100-150,000 კილომეტრის განმავლობაში აწყდებიან.
 
სწორედ ასეთ ობიექტურ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ Mazda მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და სანდო ბრენდია და ეს არათუ Stradale-ს სუბიექტური შეფასება, არამედ ფაქტობრივი მოცემულობაა.
 
ასევე შეუძლებელია იმ ფაქტის უარყოფა, რომ Mazda განსაკუთრებით კარგად ინარჩუნებს საბაზრო ღირებულებას. როგორც კვლევებიდან ჩანს, პირველი ხუთი წლის განმავლობაში მანქანა თავისი საწყისი ფასის 60-70%-ს ინარჩუნებს, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორისაა: გამძლეობა, Mazda-ს მიმართ ნდობა და ბრენდის მიმართ ინტერესი.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი CX-60 PHEV რაციონალური არჩევანია იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც ყველაფერთან ერთად, ჰიბრიდული შესაძლებლობების და იაპონური ხარისხის მიღება სურს.