ბოლო პერიოდში გერმანულ ავტომწარმოებელ Audi-ის ამბიციური გეგმები აქვს, მათ შორის ყველაზე გრანდიოზული კი 2030 წლისთვის Formula 1-ის ჩემპიონობის მოპოვებაა.

F1-ის პელეტონში Audi პირველად 2026 წელს გამოჩნდება და ამ სეზონში მისი ბოლიდი Audi R26 იქნება – მანქანა, რომელიც თავად გერმანელი ინჟინრების მიერ შექმნილი ძრავით, გადაცემათა კოლოფითა და ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება, რაც კომპანიისათვის უკვე დიდ გამარჯვებას წარმოადგენს.

ბოლიდის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა ვიზუალურად ის ნამდვილად საინტერესოდ გამოიყურება. თავად ავტომობილი ტიტანის ფერშია გაფორმებული, რომელსაც მოწითალო და შავი აქცენტები ახლავს. ცხადია, საბოლოო დიზაინში ვიხილავთ როგორც სპონსორების, ასევე პილოტების სიმბოლოებს და ლოგოებს.

კომპანიის დირექტორის, გერნოტ დიულნერის განცხადებით, Audi-ის მიზანი მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში მაქსიმალური ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაა, რათა 2030 წლისათვის კომპანიამ ჩემპიონობისათვის იბრძოლოს, რაც გერმანელების მთავარი მიზანია.

მრბოლელებს რაც შეეხებათ, 2026 წელს R26-ის საჭესთან ნიკო ჰულკენბერგს და გაბრიელ ბორტოლეტოს ვიხილავთ, თუმცა 2030 წლისთვის პილოტების ვინაობა შეიძლება არსებითად შეიცვალოს და R30-ის მართვის სადავეები არა უბრალოდ ნიჭიერმა პილოტებმა, არამედ ჩემპიონებმა გადაიბარონ.