გერმანული Porsche და ბრიტანული Bentley შორეული ნათესავები არიან: ორივე ბრენდს VW Group-ის იერარქიაში უმაღლეს ეშელონებზე ვხედავთ, ორივე მათგანი მაღალ სამომხმარებლო სეგმენტზეა გათვლილი, თუმცა არის ერთი ფუნდამენტური სხვაობა და ეს – ხასიათია. Porsche-ს არსი სპორტულობაა, ხოლო Bentley კომფორტულ მგზავრობაზეა გათვლილი, თუმცა ის, რაც ახლა მოხდა, მთელ ამ დიქოტომიას თავდაყირა აყენებს.

ამ ისტორიული მოვლენის ავტორი Bentley Supersports-ია – ავტომობილი, რომელიც Continental GT-ის ბაზას ეფუძნება, თუმცა თავისი დანიშნულებით Porsche 911 GT3-ის თანამოაზრეს წარმოადგენს.

Supersports-ის მთავარი მიზანი მართვის გამოცდილებით ტკბობაა და არც მხოლოდ კომფორტულად გადაადგილება, სწორედ ამიტომ ის ჰიბრიდულ სისტემას, AWD-ამძრაობას და უკანა სავარძლებს დაემშვიდობა. მკაცრი დიეტის შედეგად, ამ 2.3-ტონიანმა ავტომობილმა 500 კილოგრამ დაკარგა. დიახ, დიახ, 500 კილოგრამი... ნახევარი ტონა!

შემსუბუქების პროცესში ბრიტანელმა ინჟინრებმა კომპოზიტური მასალები, ნახშირბადბოჭკოვანი პანელები, Manthey Racing-ის მიერ გამოწრთობილი ალუმინის დისკები და 440-მილიმეტრიანი სამუხრუჭე სისტემა გამოიყენეს, რომელიც ნახშირბადის, სილიკონისა და კარბიდის შეზავებით შეიქმნა. დიამეტრით ეს ყველაზე დიდი სამუხრუჭე სისტემაა, რომელიც სერიულ ავტომობილზე ოდესმე დაუმონტაჟებიათ.

მაქსიმალური მოჭიდებისთვის უკანა თვლებს შორის დისტანცია 16 მილიმეტრით გაიზარდა; ელექტრონული დიფერენციალი RWD-ამძრაობაზე გადაეწყო და ავტომობილის ცენტრალური კომპიუტერი სტაბილურობისა და მოცურების საწინააღმდეგო ახალი სისტემებით აღიჭურვა. ასეთი რადიკალური ცვლილება იმიტომ გახდა საჭირო, რომ Supersports-ის სიმძლავრის 100% უკანა საბურავებზე მიიმართება, რაც Continental GT-ისთვის სიახლეს წარმოადგენს.

მართალია, მუდმივი ამძრაობის დათმობით Bentley-მ აჩქარება, მოჭიდება და პრაქტიკულობა დაკარგა, თუმცა ყველაფერი ეს იმ შეგრძნებებით არის დაკომპენსირებული, რომელსაც უკანა წამყვანი არქიტექტურა გვაძლევს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰიბრიდული სისტემის დათმობით ავტომობილმა სიმძლავრის ნაწილიც დაკარგა, თუმცა მისი 4-ლიტრიანი, V8-ტიპის ძრავა მაინც გამოიმუშავებს 800 Nm-ის გაწევას და 666 ცხენის ძალას, რაც სარბოლო ტრასაზე სატანისტური რიტუალების ჩასატარებლად საკმარისზე მეტია. 

როგორც ცნობილია, Supersports-ის ფასი 480,000 დოლარიდან დაიწყება და ჯამში მისი 500 ეგზემპლარი შეიქმნება, რაც მას საკოლექციო ავტომობილად აქცევს.

დასასრულს, ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ Porsche-სთან კავშირზე, რადგან ის აქ ტყუილად არ გვიხსენებია. საქმე ისაა, რომ Bentley Continental GT და Porsche Panamera ერთ პლატფორმას, MSB-ს იყენებენ, რომელიც Porsche-ს მიერ არის შექმნილი. თავად ის V8, რომელიც Supersports-ში გვხვდება EA825 ძრავას ეფუძნება, რომელიც ასევე გერმანელმა ინჟინრებმა შექმნეს Panamera Turbo-სთვის. ახლა უკვე Porsche-სა და Bentley-ს შორის არა მარტო ტექნიკურ მსგავსებას, არამედ იდეოლოგიურ კავშირსაც ვხედავთ, რადგან მძღოლის აღფრთოვანებაზე ფოკუსირებული ახალი Bentley სწორედ Porsche-ს რეცეპტითაა შექმნილი.