ენცო ფერარის მიერ იტალიის ქალაქ მარანელოში დაფუძნებული Ferrari ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპანიაა, რომელიც ავტოინდუსტრიას ოდესმე უნახავს. ყალყზე შემდგარი ულაყი Ferrari-ის ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმბოლოა, რომელიც სპორტულ დომინაციასთან, პრესტიჟთან და ადამიანური წარმატების მწვერვალთან ასოცირდება.
Ferrari-ით შთაგონებული ხელოვნების ნიმუშების ჩამონათვალში კიდევ ერთი პუნქტი გაჩნდა — ფლორიდის ქალაქ დელრეი-ბიჩში მდებარე “კასა მარანელო”. ყალყზე შემდგარი ულაყის ამბიციით შთაგონებული ეს სასახლე, ცოტა ხნის წინ, რეკორდულ $50.5 მილიონად გაიყიდა.
იტალიური სარბოლო ფილოსოფიით შთაგონებული ამ სასახლის ფართობი 1,900 კვადრატული მეტრია, სადაც საცხოვრებელ ტერიტორიასთან ერთად განთავსებულია, როგორც Ferrari-ის ულაყის ბრინჯაოს ქანდაკება და შადრევანი, ასევე 12 ავტომობილზე გათვლილი და კაკლის ხით მოპირკეთებული ავტოფარეხი, რომელიც დიზაინით არცერთ პრესტიჟულ სასტუმროს არ ჩამოუვარდება. “კასა მარანელოს” ტერიტორიაზე ასევე ვხვდებით 315 მ²-ის ფართობის საძინებელს, რომელიც 120 მ²-იან გარდერობს და 75 მ²-ის ფართობის აბაზანას უკავშირდება. სასახლეში ასევე არის სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთხი საძინებელი, 14 სტუმარზე გათვლილი კინოთეატრი და რამდენიმე მოსასვენებელი სივრცე.
სასახლის მფლობელის 315 მ²-იანი საძინებლიდან მარტივად გადახვალთ სილამაზის სალონში და მასაჟის კაბინეტში, რომლებიც ასევე სასახლეში მდებარეობს. ალბათ მარტივი მისახვედრია, რომ სასახლეში, სადაც პირად სილამაზის სალონს ვხვდებით, ველნესი და სპა განსაკუთრებით უყვართ. აი, სწორედ ამაზე მიგვანიშნებს იტალიური Bulgari-ის დიზაინის ენით შთაგონებული ველნესის სივრცე, სადაც განთავსებულია, როგორც შიდა აუზი, ასევე ჰიმალაის მარილის ოთახი, საუნა და ფინური აბანო. “კასა მარანელოში”, რასაკვირველია, გარე აუზსაც ვხვდებით, რომლის სიგრძე 90 მეტრია, ტევადობა კი — 340,000 ლიტრი. იქვე ვხვდებით წყლის შეზლონგებს და კიდევ ერთ სპას.
შთამბეჭდავია Ferrari-ით შთაგონებული სასახლის სამზარეულოც, რომელიც საუკეთესო ხარისხის ბუნებრივ იტალიურ მარმარილოში არის გადაწყვეტილი. სამზარეულოდან შეფმზარეულის პირად სამზარეულოში გადახვალთ, ხოლო იქვე 9-მეტრიანი ბარით აღჭურვილ მოსასვენებელ ლაუნჯსაც შეხვდებით, სადაც ყველა იმ ალკოჰოლურ სასმელს შეხვდებით, რომელიც, შესაძლოა, მოგინდეთ. ლაუნჯი 20 ადამიანზე არის გათვლილი, ხოლო სასადილოში, რომლის ცენტრში პატაგონიურ-ბრაზილიური ონიქსისგან დამზადებულ მაგიდას შევხვდებით, ერთდროულად, 18 სტუმარი ეტევა.
სასახლე მასშტაბით და უნიკალურობით იმდენად შთამბეჭდავია, რომ გარიგება, რომელიც მის გასაყიდად დაიდო, ცალკე აღნიშვნის ღირსია. სრულად გამოწყობილ სასახლეში ახალმა მფლობელმა $24.5 მილიონი გადაიხადა და ფულს სამეზობლოში მდებარე 1,670 მ²-ის ფართობის სასახლე დაამატა, რომელიც, სხვათა შორის, ჯეიმს ბონდით და მისი საყვარელი საავტომობილო ბრენდით, Aston Martin-ითაა შთაგონებული. სანაცვლოდ, სახლთან ერთად, მყიდველმა მინიატიურული წითელი Ferrari 250 Testa Rossa მიიღო, რომელიც 80 კმ/სთ-ში სიჩქარემდე ჩქარდება. თავად ეს ელექტრომობილი $100,000 ღირს და ის საკმაოდ იშვიათ საქონელს წარმოადგენს.











