2023 წლის ივლისში დაფიქსირებული პიკის შემდეგ, მაღალი მოდის ფრანგული გიგანტის, LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 50%-ითაა შემცირებული, ანუ კომპანიამ $240 მილიარდზე მეტი დაკარგა.

არადა იყო დრო, როცა LVMH ევროპის უდიდესი კომპანია, მისი დამფუძნებელი ბერნარ არნო კი მსოფლიოს რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი იყო. დღეს, მილიარდერის ქონებას Bloomberg-ი $147 მილიარდად აფასებს, ანუ ფრანგმა ბიზნესმენმა $62 მილიარდი დაკარგა.

მაშ, რა განაპირობებს მაღალი მოდის ტრადიციული ბრენდების დაღმასვლას? პირველ რიგში, ეს ტენდენცია გლობალურად არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ბოლო წლებში, კაპიტალი ისტორიულად გაძვირდა. იმ დროს, როცა მონატარული პოლიტიკა მკაცრდება, სესხი ძვირდება და ეკონომიკაში ნაკლები თავისუფალი კაპიტალი რჩება, ანუ ადამიანები ნაკლებს ხარჯავენ, მით უმეტეს ძვირად ღირებულ ნივთებზე და პროდუქტები, რომელთაც LVMH აწარმოებს, სწორედ ამ კატეგორიაში შედის.

ძვირად ღირებული ბრენდების საქმიანობაზე გავლენას ის ფაქტორებიც ახდენს, რომლებიც უშუალოდ ამ ინდუსტრიისთვის არის დამახასიათებელი. ეს სფერო ძალიან კონკურენტულია, რაც კომპანიების მხრიდან დიდ მარკეტინგულ დანახარჯებს მოითხოვს. ამ ხარჯებს, მართალია, შედარებით იაფი მუშახელი და წარმოების ხარჯების ოპტიმიზაცია ფარავს, მაგრამ მაშინ, როცა გლობალური მიწოდების ჯაჭვში პრობლემები ჩნდება, კომპანიების ხარჯები გარდაუვალად იზრდება. ბოლო პერიოდში, სწორედ ამ დინამიკას ვხვდებით, რომელსაც უკეთ ის კომპანიები შეხვდნენ, რომელთა პორტფელში ერთბაშად რამდენიმე ბრენდს აერთიანებენ.

მაღალი მოდის ბრენდების დაღმასვლას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები - ჩინეთს უკავშირდება. ჩინეთი სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა, ანუ თავად სახელმწიფო მდიდარია, მაგრამ შეძლებული სახელმწიფო არ ნიშნავს, რომ მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ასევე შეძლებლია. ჩინეთის შემთხვევაში, ბოლო დეკადების განმავლობაში სწორედ ასე იყო, მაგრამ შემდეგ, ჩინეთის საშუალო ფენა იმდენად გამდიდრდა, რომ გარკვეული ინდუსტრიები ჩამოიკიდა, მათ შორის ფუფუნების საგნები.

მაღალი მოდის ბრენდები ჩინეთში განსაკუთრებულად უყვართ და მათ საყიდლად ფული არ ენანებათ, მაგრამ ეს სიყვარულს მანამ ვხვდებით, სანამ ჩინელებს ბირკინის ჩანთების საყიდლად საკმარისი ფული აქვთ. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში ფული ისედაც ძვირდება, რასაც თან ქვეყანაში გაღვივებული უძრავი ქონების კრიზისი ემატება. საბოლოო ჯამში, მდიდარი ჩინელების ფულის დიდი ნაწილი სხვა მიმართულებით იხარჯება, რაც მაღალი მოდის ბრენდების შემოსავალზე და შესაბამისად, აქციების ფასებზე, უარყოფითად აისახება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც საფონდო ბირჟაზე LVMH-ის დაღმასვლას განაპირობებს დონალდ ტრამპის მიერ მსოფლიოს წინააღმდეგ დაწყებული ე.წ. სავაჭრო ომია. გამომდინარე იქიდან, რომ ტარიფებთან დაკავშირებით ვითარება ჯერაც გაურკვეველია, მაგრამ ნათელია, რომ მსოფლიოში იმაზე მკაცრი სატარიფო პოლიტიკა იმოქმედებს, ვიდრე ეს ამ დრომდე იყო, პროდუქცია, სავარაუდოდ, გაძვირდება. შედეგად, ადამიანები, რომლებიც ფუფუნების საგნებზე შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავენ ერთგვარი დილემის წინაშე აღმოჩნდებიან.