როგორც 2022 წელს შევიტყვეთ, Amazon-მა ლეგენდარული ამერიკული კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ი შეიძინა, რაც დაახლოებით $9 მილიარდი დაუჯდა. თავის დროზე, გარიგებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაც იყო კრიტიკოსებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ, რადგან იწერებოდა, რომ კორპორაციული გიგანტი MGM-ის საკულტო კინოფრენჩაიზების ფილმებს და პერსონაჟებს ძველ დიდებას წაართმევდა და მათ ფულის საკეთებელ მანქანად გადააქცევდა.
კრიტიკოსების მოსაზრება, შესაძლოა, გამართლდეს, რასაც დრო გვიჩვენებს, მაგრამ მანამ, სანამ ეს მოხდება, Amazon-ის კრეატიული გუნდი Metro-Goldwyn-Mayer-ის საკუთრებაში შემავალი ფრენჩაიზების განვითარებას აგრძელებს. თავის დროზე, Amazon-მა MGM-ის 4000-ზე მეტი ფილმი და სატელევიზიო სერიალების 17000-ზე მეტი სერია შეიძინა, მათ შორის „როკი ბალბოას“, „კრავთა დუმილის“, „მხევლის წიგნის“, „ვარდისფერი პანტერას“ და „ჯეიმს ბონდის“ ფრენჩაიზები.
ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საკულტო ბრიტანელი აგენტის განვითარებაზე მუშაობა Amazon-მა უკვე დაიწყო. როგორც გვახსოვს, 2025 წლის დასაწყისში პროდიუსერები მაიკლ უილსონი და ბარბარა ბროკოლი საქმიდან გავიდნენ და ბრიტანული MI-7-ის საუკეთესო აგენტის, ჯეიმს ბონდის განვითარების უფლებები ჯეფ ბეზოსის ტექნოლოგიურ გიგანტს გადააბარეს. ფულს ისინი მაინც მიიღებენ, მაგრამ პერსონაჟების განვითარებაზე სწორედ Amazon-ი იზრუნებს.
ჯეიმს ბონდის ფრენჩაიზი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და პოპულარული კინემატოგრაფიული ფრენჩაიზია ისტორიაში, ბრიტანელი მწერლის, იან ფლემინგის შემოქმედებას ეფუძნება. მოგვიანებით, წიგნების კინოადაპტაციის გამოშვების უფლება პროდიუსერმა ალბერტ ბროკოლიმ მოიპოვა. მის საკუთრებაში არსებულმა Eon Productions-მა წლების განმავლობაში 25 ფილმი გამოუშვა, რომელთაც, ჯამში, $7.6 მილიარდის შემოსავალი დააგენერირეს.
აღნიშნულ ტენდენციას, ამიერიდან, ლეგენდარული კანადელი რეჟისორი, დენის ვილნევი გააგრძელებს. ჯეიმს ბონდის ახალ ფილმს ჯერ არც სახელი აქვს, არც წარმოების გეგმა-გრაფიკი და არც მთავარი როლის შემსრულებელი, რადგან ბრიტანელი დენიელ კრეიგი, როგორც ცნობილია, ამ საკულტო როლს აღარ შეასრულებს. კანადელი რეჟისორის თქმით, კინემატოგრაფიის პირველ მოგონებებს ის სწორედ 007-თან აკავშირებს და მზად არის, ეს დიდი და საპასუხისმგებლო ტრადიცია საკუთარ თავზე აიღოს.
დენის ვილნევი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია, რომლის ხელში არაერთ ფენომენალურ ფილმს გამოუვლია, მათ შორისაა Blade Runner 2049, Dune-ის ორი ფილმი, Arrival და Sicario. კანადელ რეჟისორს ამბის თხრობის და სამყაროთა შერწყმის განსაკუთრებული უნარი აქვს, რაც განსაკუთრებით საინტერესო სანახავი იქნება 60-ზე მეტი წლის ისტორიის მქონე ძალიან ტრადიციულ ფრენჩაიზში, როგორიც “ჯეიმს ბონდია”. Amazon-ისთვის ეს საკულტო პროექტი იქნება, ასე რომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ვილნევს ძალიან დიდი ბიუჯეტი ექნება.











