მოსკოვის სამხედრო სასამართლომ ბორის აკუნინის ფსევდონიმით ცნობილ ქართული წარმოშობის რუს მწერალს, გრიგორი ჩხარტიშვილს დაუსწრებლად მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთის პროკურატურა მწერალს უცხოური გავლენის აგენტების კანონის დარღვევაში, ტერორიზმის ხელშეწყობაში და გამართლებაში ადანაშაულებდა და 18-წლიან პატიმრობას ითხოვდა. ციხის გარდა, მწერალს 400,000 რუბლის, ანუ $5,120-ის მოცულობის ჯარიმა დააკისრა და ოთხი წლის განმავლობაში ონლაინგვერდების მართვა აუკრძალა. ავტორი წლებია, რუსეთში აღარ ცხოვრობს, ანუ ის არ დაუკავებიათ.

ბორის აკუნუნი თანამედროვე რუსული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია, რომელიც უმეტესწილად ისტორიული ჟანრის რომანებს წერს, სადაც თანამედროვე რუსეთის სოციალურ-კულტურულ თავისებურებებს იკვლევს. ამასთან, აკუნინი აქტიურობს სოციალურ ქსელებშიც, სადაც ჯამურად 400,000-მდე გამომწერი ჰყავს. ბორის აკუნინის წიგნებს მილიონობით მკითხველი ჰყავს, ხოლო მისი ინტერვიუები ჯამში ასობით მილიონი ნახვას აგროვებს, ანუ თანამედროვე რუსული აზროვნების ჩამოყალიბებაში, სულ მცირე ოპოზიციის მხარეს, რუს მწერალს დიდი როლი აქვს.

სამხედრო სასამართლოს მიერ სასჯელის გამოცხადებას თავად ბორის აკუნინი გამოეხმაურა, თანაც სარკაზმით. “ყველაფერი დასრულდა, ძვირფასო მკითხველო. ერთმანეთს დიდი ხნით ვემშვიდობებით. სამხედრო სასამართლო არამხოლოდ სამართლიანი, არამედ სულსწრაფიცაა. თოთხმეტი წელიწადი მომისაჯეს და ონლაინგვერდების მართვა ოთხი წლით ამიკრძალეს. ასე რომ ჩემი შემდეგი პოსტი… 2043 წელს გამოქვეყნდება. იქნებ, უფრო ადრეც — იმ დროს პუტინს მეშვიდე ვადით აირჩევენ და შეიძლება ამნისტია გამოაცხადონ. 87 წლისა დაგიბრუნდებით, ჯანზე და მხნედ ვიქნები და თან გამოსწორებული. არ მოიწყინოთ”, — წერს აკუნინი Facebook-ში.

ბორის აკუნინმა რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ 2014 წელს დატოვა და მას შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს. 2023 წელს ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ გრიგორი ჩხარტიშვილი ტერორისტების და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა, 2024 წლის იანვარში კი იუსტიციის სამინისტრომ ის უცხოური გავლენის აგენტების სიაში შეიყვანა. მალევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარე ბიბლიოთეკებიდან და წიგნის მაღაზიებიდან აკუნინის წიგნების ტირაჟები ამოიღეს, ხოლო თეატრებმა დადგმები გააუქმეს. თავად მწერალზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.