მსოფლიოს უდიდეს ნეობანკ Revolut-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფართოება სურს. ბრიტანული Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ში საბანკო ლიცენზიის სწრაფად მისაღებად Revolut-ი მოქმედი ბანკის შეძენას განიხილავს. საბანკო ლიცენზიის დამოუკიდებლად მოპოვება ამერიკაში ურთულესია, რომელსაც, შესაძლოა, რამდენიმე წელი დასჭირდეს, ამიტომაც უკვე ლიცენზირებული ბანკის შეძენა ბრიტანულ ფინტექ-კომპანიას საქმეს ძალიან გაუმარტივებს. თან Revolut-ს გლობალური გაფართოების აგრესიული სტრატეგია აქვს, რისთვისაც ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი საუკეთესოა.
სრული საბანკო ლიცენზიის მიღებას Revolut-ი მშობლიურ ბრიტანეთშიც ცდილობს, მაგრამ ამ პროცესმა სამ წელზე მეტს გასტანა და საბოლოო ავტორიზაციამდე ჯერ კიდევ არ მიუღწევია. მართალია, კომპანია უკვე შევიდა ე.წ. “მობილიზაციის ფაზაში”, რაც ლიცენზიის მიღების შემდგომი ტექნიკური ეტაპია, მაგრამ ამ ფაზაზე ბანკს შეზღუდული ფუნქციონალი აქვს და მხოლოდ £50,000-მდე მოცულობის დეპოზიტების მიღება შეუძლია. მობილიზაციის ფაზა წესით 12 თვეზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, Revolut-ის შემთხვევა გამონაკლისია. კომპანია ბევრად მასშტაბურია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ნეობანკი, რაც რეგულირების პროცესს აჭიანურებს.
მართალია, კონკრეტული ამერიკული ბანკის სახელი ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა Financial Times-ის ცნობით, Revolut-მა მიზანში შედარებით იაფი ბანკი ამოიღო, რომელსაც უკვე აქვს ეროვნული ლიცენზია. ეს გზა მნიშვნელოვნად დააჩქარებს პროცესს, განსაკუთრებით მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დერეგულაციის დღის წესრიგით მოქმედებს, ხოლო საბანკო ლიცენზიების გაცემის პროცესი უფრო მოქნილი გახდა.
ცნობისთვის, Revolut-ის სერვისებს დღეს 60 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მთელ მსოფლიოში, ხოლო თავად კომპანია $1-მილიარდიანი საინვესტიციო რაუნდის გამართვას გეგმავს, რა დროსაც ბრიტანული სტარტაპის შეფასება $65 მილიარდამდე გაიზრდება. მოზიდული თანხის დიდი ნაწილი სწორედ საერთაშორისო გაფართოებას მოხმარდება. ცოტა ხნის წინ Revolut-მა არგენტინული ბანკი Cetelem-ი შეიძინა, რომელიც ამ დრომდე ფრანგული BNP Paribas-ის საკუთრება იყო. მედიის ინფორმაციით, ბრიტანული კომპანია მსგავსი გარიგების დადებას ახლო აღმოსავლეთშიც გეგმავს. Revolut-ს უკვე აქვს ლიცენზია მექსიკასა და ლიეტუვაშიც, რაც ევროკავშირში ოპერირების საშუალებას აძლევს.











