მსოფლიოს უდიდესმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ კალიფორნიაში რესტორანი გახსნა. ამ შემთხვევაში, გიჟური მარკეტინგული ნაბიჯებით სახელგანთქმული Tesla იგულისხმება, რომელსაც ერთი შეხედვით არათემატური ნაბიჯები ამ დრომდეც გადაუდგამს. ამჯერად, ილონ მასკის კომპანიამ უესტ-ჰოლივუდში რეტრო-ფუტურისტული დიზაინის ტრადიციული ამერიკული დაინერის ტიპის რესტორანი გახსნა. Tesla-ს ამერიკული დაინერი, რომელიც 250 სტუმარზე არის გათვლილი, ლეგენდარულ Route 66-ზე ძევს — 3,940-კილომეტრიან ავტობანზე, რომელიც კალიფორნიას ჩიკაგოსთან აკავშირებს.
რესტორნის პირველ სართულზე ოთხმოც ავტომობილზე გათვლილი დასამუხტი სადგური მდებარეობს, რომელიც ექსკლუზიურად სუპერჩარჯერებითაა აღჭურვილი, მაგრამ დამტენის გამოყენება NACS-ის სტანდარტით აღჭურვილი ყველა ავტომობილის მფლობელს შეუძლია. სადგური მზის პანელებითაა აღჭურვილი, რომლებიც ისეთნაირადაა განლაგებული, რომ ავტომობილები მუდმივად ჩრდილში დგას, რაც დამუხტვის პროცესს უფრო ეფექტიანს ქმნის და ნახშირორჟანგის ემისიებს წელიწადში 26.6 მილიონი 12,000 ტონით ამცირებს.
უახლესი რესტორანი 24/7-ზე მუშაობს, ხოლო საკვების შეკვეთა სტუმარს წინასწარ, საკუთარი ავტომობილიდან შეუძლია. რესტორნის მენიუში ტრადიციული ამერიკული დაინერისთვის დამახასიათებელ კერძებს ვხვდებით, მათ შორისაა ბურგერები, ჰოთ-დოგები, ქლაბ სენდვიჩები, ტაკო, კარტოფილი ფრი, ვაფლი და ნაირ-ნაირი სალათი, დესერტი და სასმელი. ცალკე არის ხელმისაწვდომი საუზმის და საბავშვო მინიუები.
რესტორნის დიზაინი და არქიტექტურა მაქსიმალურ ერგონომიულობას და მომხმარებლის კომფორტს ეფუძნება, ხოლო ადგილები ისეთნაირადააა შერჩეული, რომ სტუმარს შეუძლია ჰოლივუდის ხედებით დატკბეს ან უზარმაზარ 20-მეტრიან ეკრანებს უყუროს, სადაც ფილმები ან Tesla-სთან დაკავშირებული რეკლამები გადის — აფიშის ნახვა სტუმარს წინასწარ, საკუთარი ავტომობილიდან შეუძლია.











