ბოლო წლების განმავლობაში, იტალიაში მუშახელის დეფიციტია. ამ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით, იტალიის მთავრობამ სავიზო პროგრამა გააფართოვა, რომლის ფარგლებში, 2026-2028 წლებში, ქვეყანა 500,000 სამუშაო ვიზას გასცემს. ეს პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის იდეაა, რომელმაც მსგავსი პროგრამა 2023-2025 წლებშიც დანერგა, როცა 450,000-ზე მეტი სამუშაო ვიზა გაიცა. ლეგალური მიგრაციის წახალისების პარალელურად, იტალიის ხელისუფლება არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას მეთოდებს ამკაცრებს.
იტალია ევროზონის რიგით მესამე უდიდესი ეკონომიკაა. ქვეყანაში დაახლოებით 59 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ბოლო წლებში, მოსახლეობის დაბერების პროცესი დაჩქარდა. გასულ წელს, უარყოფითმა დემოგრაფიულმა სალდომ იტალიაში 281,000 ადამიანი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდში სწორედ ამდენი ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. აღნიშნული სიახლე არ არის, რადგან იტალიის მოსახლეობა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მცირდება.
თუ მოსახლეობის კლების დღევანდელ დინამიკას გავითვალისწინებთ და დავუშვებთ, რომ იტალიას სულ მცირე დღეს არსებული მოსახლეობის შენარჩუნება სურს, გამოდის რომ 2050 წლისთვის სამხრეთ ევროპაში მდებარე ამ ქვეყანამ სულ მცირე 10 მილიონი მიგრანტი უნდა მიიღოს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ისევე, როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგია, შესაბამისად მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას ქვეყანა სამუშაო კადრებით გეგმავს.











