აუქციონების სამყაროში საინტერესო და მნიშვნელოვანი გარიგება შედგა. ლეგენდარული ავტომრბოლელის, მიხაელ შუმახერის Ferrari-ის ბოლიდი, რომლითაც 2001 წელს გერმანელმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ, იტალიურ საჯინიბოსთან კი მეორედ მოიპოვა, მონაკოში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე $18.2 მილიონად გაიყიდა.

აუქციონის ადგილად მონაკო ტყუილად არ შერჩეულა, რადგან გასულ უქმეებზე იქ F1-ის მონაკოს გრან-პრი გაიმართა, რომელიც, სხვათა შორის, შუმახერმა 2001 წელს სწორედ ამ ბოლიდით მოიგო.

იტალიური საჯინიბოს ინჟინრების მიერ 2001 წელს შექმნილი ეს ბოლიდი V10-ტიპის 3-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 825 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ბოლიდით მიხაელ შუმახერმა 13-ჯერ დაიკავა ადგილი პოდიუმზე, ხოლო ათი რბოლა პირველ ადგილზე დაასრულა. თავად მრბოლელმა სეზონი 123 ქულით დაასრულა, ხოლო კონსტრუქტორთა ჩემპიონატში აგრეთვე Ferrari-მ გაიმარჯვა. იმ დროს, Ferrari-ის მეორე პილოტი ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო იყო, რომელსაც მიხაელ შუმახერის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

ლეგენდარული მაიკლ შუმახერის ეს ბოლიდი F1-ის ისტორიაში Ferrari-ის ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი გახდა. ამ სიმბოლურ ტიტულს მანამდეც შუმახერი ფლობდა, როცა Ferrari-ის 2003 წლის ბოლიდი $13.2 მილიონად გაიყიდა, ჯერ კიდევ 2022 წელს. იმ ბოლიდით, მაიკლ შუმახერმა რიგით მეექვსე, ანუ ბოლოსწინა ტიტული მოიგო. უშუალოდ F1-ის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სარბოლო ავტომობილის ტიტული გერმანული Mercedes-ის W196 R-ისაა, რომლითაც კომპანიამ 1954 და 1955 წლების მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო. Mercedes-ის ეს ბოლიდი გასულ წელს $54 მილიონად გაიყიდა.

ბევრის აზრით, მიხაელ შუმახერი F1-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მრბოლელია, რის გამოც მისი სამახსოვრო ნივთები აუქციონზე საკმაოდ ძვირად იყიდება. 2001 წლის სეზონის Ferrari-ის ბოლიდი, მართალია, შუმახერის ნივთებს შორის ყველაზე ძვირია, მაგრამ დიდ ღირებულებას მისი სხვა ნივთებიც ატარებს. გასულ წელს, ჟენევაში გამართულ Christie’s-ის აუქციონზე F.P. Journe-ის მიერ სპეციალურად შუმახერისთვის შექმნილი მაჯის საათი, სახელწოდებით Vagabondage One, რომელიც მრბოლელს Ferrari-ის გენერალურმა დირექტორმა, ჟან ტოდმა აჩუქა $1.65 მილიონად გაიყიდა.