თუკი კონკრეტული პროდუქტი სოციალური მედიის ტენდენციურ, ანუ მოდურ გვერდზე მოხვდა, კომპანიას, რომელიც ამ პროდუქტს აწარმოებს, ფინანსური წარმატება, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს.
ასეთი რამ ამ დრომდე არაერთხელ გვინახავს და კიდევ ბევრჯერაც ვნახავთ, რადგან ასეთია ადამიანის ბუნება. ამჯერად, ტენდენციური პროდუქტების ჩამონათვალში ჩინური მაღაზიათა ქსელის, Pop Mart-ის სათამაშო Labubu მოხვდა, რომელმაც მის შემოქმედ კომპანიას არნახული კომერციული წარმატება მოუტანა.
ბოლო ერთ წელიწადში, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 540%-ით გაიზარდა, რაც ამ პერიოდში დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია. ეს სათამაშო უშნო ელფის ფორმისაა და ის დალუქულ ყუთებში იყიდება, ანუ ადამიანმა, რომელიც Labubu-ს იყიდის, არ იცის, თუ რომელი სათამაშო ამოუვა. ეს ბიზნესმოდელი, სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალება People's Daily-მ გააკრიტიკა და მთავრობას რეგულაციების გამკაცრებისკენ უბიძგა.
მოგვიანებით, Pop Mart-ის აქციებზე დაკვირვება მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ბანკმა, ამერიკულმა Morgan Stanley-მ შეწყვიტა, რაც ინვესტორებმა უარყოფით სიგნალად შეაფასეს და შედეგად, ბოლო ხუთ დღეში, Pop Mart-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 11%-ით შემცირდა. მოკლევადიანი კლების მიუხედავად, მხოლოდ ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციები 175%-ითაა გაძვირებული. კომპანიის ერთი აქცია დღეს დაახლოებით $31-ად ივაჭრება, მაგრამ ბანკის პროგნოზით ფასის $38-მდე გაზრდა არის პროგნოზირებული.











